მოსკოვის მიერ მხარდაჭერილმა ოფიციალურმა პირებმა ყალბი რეფერენდუმები უკრაინის 4 რეგიონში ჩაატარეს: დონეცკი, ხერსონი, ლუჰანსკი და ზაპორიჟია. კრემლმა შემდეგი ნაბიჯიც გადადგა და უკრაინის ამ რეგიონების ანექსია გამოაცხადა, იმის მიუხედავად, რომ რუსეთი მათ სრულად ვერც კი აკონტროლებდა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაგმო „კრემლის ყალბი რეფერენდუმები“ და მათ უწოდა „უშედეგო მცდელობა შენიღბოს ის, რაც უკრაინაში მეტი ტერიტორიის მიტაცებას ნიშნავს. უფრო გარკვევით, რომ ითქვას“, თქვა მან, „შედეგები მოსკოვში იყო ორკესტრირებული და არ ასახავს უკრაინელი ხალხის ნებას. შეერთებული შტატები არ სცნობს და არც არასდროს აღიარებს ამ რეფერენდუმების შედეგთა ლეგიტიმურობას, ან რუსეთის მიერ გაცხადებული უკრაინის ტერიტორიის ანექსიას“. ამერიკის სახელმწიფო მდივნის თქმით, უკრაინის მიწების ანექსია საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს და საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების პრინციპებს ეწინააღმდეგება.
„რუსეთმა ამ რეგიონებში მოსახლეობის უმეტესი ნაწილი აიძულა გაქცეულიყო, უკრაინის დარჩენილ მოქალაქეებს კი ირაღის ქვეშ, საკუთარი და საყვარელი ადამიანების უსაფრთხოების შიშის პირობებში, კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება აიძულა“ - განაცხადა ბლინკენმა. უკრაინელი ხალხი დაბეჯითებით გამოხატავს თავისუფალი და დემოკრატიული მომავლის სურვილს. მათი ჯარისკაცები მამაცად იბრძვიან, რუსეთის მიერ კონტროლირებულ რეგიონებში კი უკრაინელები წინააღმდეგობას უწევენ მოსკოვის სასტიკ, ძალისმიერ მცდელობას, შეცვალოს უკრაინის საერთაშორირიოდ აღიარებული საზღვრები.
შეერთებული შტატები მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, გააგრძელებს უკრაინის დახმარებას მიმდინარე ბრძოლაში, რათა მათ საკუთარი ტერიტორიის რუსეთის აგრესიისგან დაიცვა შეძლონ. ამერიკის სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს: „ჩვენ მთელი სულით და გულით ვუჭერთ მხარს უკრაინის ერთიანობას, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ ხელშეუხებლობას, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა: „ამ რეგიონებს ჩვენ არასდროს ვაღიარებთ არცერთი სხვა ქვეყნის ტერიტორიად, უკრაინის გარდა და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება“. ბაიდენმა გაფრთხილებაც გამოთქვა, რომ შეერთებული შტატები „რუსეთს დამატებით სწრაფ და მკაცრ ეკონომიკურ საფასურს დაუწესებს“.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ყალბი რეფერენდუმების შედეგების უარყოფის საკითხში, შეერთებული შტატები დგას მთელი მსოფლიოს პარტნიორების გვერდში. „ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას და მივაწვდით მათ უსაფრთხოების დახმარებას, რათა საკუთარი თავის დაცვა შეძლონ, ვიდრე ისინი რუსეთის თავდასხმას წინააღმდეგობას მამაცად უწევენ“ - აცხადებს პრეზიდენტი ბაიდენი.