უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა კომერციულმა ხომალდებმა შავი ზღვა უსაფრთხოდ პირველად დატოვეს მას შემდეგ, რაც თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. ეს ზრდის იმედს, რომ უკრაინის პორტებში ჩარჩენილი მილიონობით ტონა მარცვლეული მიეწოდება მათ, ვინც მსოფლიოში სურსათის ნაკლებობის წინაშე დგას, თქვა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. მან ამ ნაბიჯის შესაძლებლობის შექმნისთვის გაერო და თურქეთი შეაქო.
„თუმცა, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია“ - იქვე გამოთქვა გაფრთხილება სახელმწიფო მდივანმა. გაეროს ხელშეწყობით 21 ივლისს მიღწეული შეთანხმების განხორციელება, მთელ მსოფლიოში სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერების არსებითი ნაწილია.
რუსეთი და უკრაინა ხორბლის წამყვანი გლობალური მიმწოდებლები არიან, მაგრამ მოსკოვის მიერ მეზობელ უკრაინაში შეჭრამ, სურსათზე ფასები მკვეთრად გაზარდა და საერთაშორისო სასურსათო კრიზისი გააღვივა. ომმა უკრაინის ექსპორტი შეაჩერა და დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეული ოდესის პორტის საცავებში გაჭედა.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შიმშილობა გლობალურად თანდათან სწრაფად გაიზარდა. გაეროს შეფასებით, 2018-2021 წლებში იმ ადამიანთა რიცხვმა, რომლებიც მწვავე სასურსათო უსაფრთხოების არქონის პირობებში ცხოვრობს, 108 მილიონიდან 193 მილიონამდე იმატა. პროგნოზები აჩვენებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ, შესაძლოა სურსათის უსაფრთხოების არმქონეთა რიგებს კიდევ 40-დან 50 მილიონამდე ადამიანი დაუმატოს, თქვა სახელმწიფო ბლინკენმა ცოტა ხნის წინ ბერლინში ჩატარებულ ღონისძიებაზე, დასახელებით: „გაერთიანება გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის“.
რუსეთსა და უკრაინას შორის ხელმოწერილი შეთანხმება, უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვის გავლით ექსპორტს შეუწყობს ხელს.
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რუსეთს დაბეჯითებით მოუწოდა, შავი ზღვის პორტებიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის შეუფერხებელი ექსპორტის მხარდაჭერა გააგრძელოს. „რუსეთმა ასევე უნდა დაასრულოს თავდასხმები, რომლებიც უკრაინის სავარგულებს გამოუსადეგარს ხდის და სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურას ანგრევს“, დაამატა მან. ბლინკენის თქმით, „რუსეთის მიერ აგრესიის გაგრძელებასთან ერთად, მისი შედეგებით უკრაინელი ხალხის და მსოფლიოს ყველაზე მოწყვლადი ადამიანების ტანჯვა გაგრძელდება“.