Accessibility links

Breaking News

შეშფოთება რუსეთის მიერ მხარდაჭერილ, დაქირავებულ მებრძოლებზე მალიში  


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

შეერთებული შტატები, საერთაშორისო მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს მალის მხარდაჭერას დემოკრატიული მმართველობის აღსადგენად. ბოლო 16 თვის განმავლობაში, მალიში ორჯერ ჰქონდა ადგილი სამხედრო გადატრიალებას. ძალადობრივ ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლაში, მთავრობამ ტერიტორიის ნაწილი დაკარგა.

მალის გარდამავალი მთავრობა ახლა განიხილავს ე.წ. დახმარებას რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი “ვაგნერის” კერძო სამხედრო დაჯგუფების მხრიდან. გავრცელებული ინფორმაციით, ეს შეთანხმება მალის თვეში $10 მილიონი დაუჯდება. წერილობით განცხადებაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა თქვა, რომ შეერთებული შტატები „შეშფოთებულია“ ამ გეგმით, რადგან ის „მიმართულებას უცვლის თანხებს, რომელიც შეიძლებოდა მოხმარებოდა მალის შეიარაღებულ ძალებს და მის საჯარო სამსახურებს“.

"ვაგნერის" ჯგუფს, როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მოკავშირე, ევგენი პრიგოჟინი აფინანსებს და მართავს. შეერთებულ შტატებს, ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს და ევროპის კავშირს მისთვის სანქციები აქვს დაწესებული. „ვაგნერის ძალები“, რომლებიც ნედ პრაისის თქმით, „ცნობილია თავისი დესტაბილიზაციის მომტანი აქტივობით და ადამიანის უფლებების დარღვევებით, მალიში მშვიდობას კი არ მოიტანს, არამედ კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყანაში დესტაბილიზაციის პროცესს“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი აცხადებს, რომ მალის ფინანსური რესურსი „მალელი ხალხის კეთილდღეობას უნდა მოხმარდეს და არა უცხოეთის დაქირავებულ ძალებს, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობაზე ძალადობით არიან ცნობილი და მასპინძელი ქვეყნების მიერ, საკუთარი ფინანსების კონტროლს უთხრიან ძირს“.

13 დეკემბერს, ევროკავშირმა "ვაგნერის" ჯგუფს სანქციები დაუწესა, ახლო აღმოსავლეთში, უკრაინასა და აფრიკაში, ძალადობის წაქეზების და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებში მონაწილეობის გამო. ამ ნაბიჯს შეერთებული შტატებიც მიესალმა. როგორც ნედ პრაისმა აღნიშნა, „იმ ქვეყნებმა, რომელთაც "ვაგნერის" ჯგუფები საკუთარ საზღვრებს შიგნით დაუშვეს, მალევე აღმოაჩინეს, რომ ისინი უფრო ღარიბები, სუსტები და ნაკლებად დაცულები გახდნენ“.

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ გავრცელებული ინფორმაცია მალის მხრიდან ვაგნერის ჯგუფის მიწვევის თაობაზე, რისკის ქვეშ აყენებს 20 000-ზე მეტი საერთაშორისო სამშვიდობო ძალების წარმომადგენლის და სამხედრო მოსამსახურის წვლილს, რომლებიც მალიში იმყოფებიან ისე, რომ ეს მალელ ხალხს, ან მის მთავრობას საერთოდ არაფერი არ უჯდება.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მალის უწოდებს „საჰელის რეგიონის მომავალი სტაბილურობის გასაღებს“ და მალის მოუწოდებს, დაუბრუნდეს კონსტიტუციურ წესს და დემოკრატიულ მმართველობას. ვაგნერის ჯგუფის მსგავსი, მტაცებლური ხასიათის მქონე უცხო ძალების ქვეყანაში დაშვება კი, ამგვარ შედეგს მხოლოდ შეაყოვნებს და ძირს გამოუთხრის.

See comments

XS
SM
MD
LG