Accessibility links

Breaking News

აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთს უკრაინის თაობაზე აფრთხილებენ


რუსი ჯარისკაცები ოკუპირებულ ყირიმში, გაზაფხულზე გამართული წვრთნების დროს
რუსი ჯარისკაცები ოკუპირებულ ყირიმში, გაზაფხულზე გამართული წვრთნების დროს

დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გააფრთხილეს რუსეთი, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გაგრძელების შემთხვევაში, იქნება „უზარმაზარი შედეგები“ და რუსეთს „მძიმე საფასურის“ გადახდა მოუწევს.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ შეერთებული შტატების, ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს, კანადის, გერმანიის, საფრანგეთის, იაპონიის, იტალიის და ევროპის კავშირის უმაღლესი დიპლომატები. განცხადება ამბობს, რომ უკრაინის საზღვართან „რუსეთის სამხედრო მობილიზაციის და უკრაინის მიმართ აგრესიული რიტორიკის დაგმობაში“, ისინი ერთიანნი არიან.

დიდი შვიდეულის ქვეყნებმა რუსეთს მოუწოდეს „დეესკალაციისკენ, დიპლომატიური არხების გამოყენებისკენ და სამხედრო აქტივობის გამჭვირვალობისკენ, ისევე როგორც ეს გააკეთა პრეზიდენტმა ბაიდენმა, 7 დეკემბერს პრეზიდენტ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს“.

აღნიშნული საუბრის შემდეგ მოწყობილ ბრიფინგზე, ჯეიკ სალივანმა - თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში - განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა „პირდაპირ უთხრა პრეზიდენტ პუტინს, რომ თუკი ის უკრაინაში კიდევ უფრო შეიჭრება, შეერთებული შტატების და მისი ევროპელი მოკავშირეებისგან ძლიერი ეკონომიკური ხასიათის პასუხი იქნება. ჩვენ უკრაინელებს მივაწვდით თავდაცვის დამატებით დახმარებას, იმაზე მეტს, ვიდრე აქამდე ვაწვდიდით. და მსგავს ესკალაციაზე პასუხად, ჩვენ დამატებითი შესაძლებლობებით გავაძლიერებთ ჩვენს მოკავშირეებს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე“.

ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ისიც უთხრა, რომ შექმნილი ვითარებიდან სხვა გამოსავალიც არსებობს: დეესკალაცია და დიპლომატია.

ჯეიკ სალივანის თქმით, რუსეთთან სტრატეგიულ შეშფოთებათა გაზიარების მხრივ, შეერთებული შტატების და მისი ევროპელი პარტნიორების დისკუსიაში ჩართვის ბევრი გზა არსებობს, რომელთა შორისაა ნატო-რუსეთის საბჭო და ეუთო. ამასთან ერთად, შეერთებული შტატები მზადაა ხელი შეუწყოს ნორმანდიის ფორმატის მხარდაჭერით, მინსკის შეთანხმებების დანერგვას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ტელეკომპანია „ენ-ბი-სისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკის მოკავშირეები, რომელთა შორისაა დიდი შვიდეულის ქვეყნებიც, „ერთნაირად არიან მზად, აღასრულონ დათქმა და წინ აღუდგნენ რუსეთის აგრესიას, რათა იდეალურ შემთხვევაში მოხდეს მისი შეკავება და პრევენცია... თუმცა, თუკი რუსეთი გააგრძელებს დაუდევარ და აგრესიულ ქმედებებს, ჩვენგან პასუხი იქნება“.

სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მტკიცეა. მაგრამ, „სასწორზე ახლა ამაზე გაცილებით დიდი რამ არის და ეს საერთაშორისო სისტემაში სანავიგაციო ფუნდამენტური კანონებია. კანონები, რომლებიც ამბობს, რომ ერთ სახელმწიფოს არ შეუძლია ძალის გამოყენებით მეორე ქვეყნის საზღვრების შეცვლა, რომ ერთ სახელმწიფოს არ შეუძლია უკარნახოს მას საკუთარი არჩევანი“ - აღნიშნავს ის.

„სწორედ ეს არის ის, რა მიმართულებასაც იღებს რუსეთი“ - აცხადებს ენტონი ბლინკენი. „და თუ ჩვენ ამას დაუსჯელად გავატარებთ, მაშინ საფრთხის ქვეშ დადგება სტაბილურობის მომტანი მთელი სისტემა, რომელიც ომების დაწყების პრევენციას განაპირობებს“ - აღნიშნა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.

XS
SM
MD
LG