Accessibility links

Breaking News

აგრესორებმა არ უნდა გაიმარჯვონ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, ნატოს მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. პრაღა, ჩეხეთი. 31 მაისი, 2024 წ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, ნატოს მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. პრაღა, ჩეხეთი. 31 მაისი, 2024 წ.

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გამართულ, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ეს არის კრიტიკული მომენტი ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის”.

ბლინკენის თქმით, მათ კარგად იციან, რომ „თუკი რუსეთის აგრესია უკრაინაში დაუსჯელად გაგრძელდება, ის უკრაინაში არ შეჩერდება. აგრესიის სხვა მსურველებიც გამოჩნდებიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, რომლებიც გაითვალისწინებენ [ამ მაგალითს] და განიხილავენ საკუთარი აგრესიის განხორციელებას. გავაგრძელებთ რა უკრაინის გაძლიერებას, ვაჩვენებთ რა სიმტკიცეს, რათა დარწმუნებული ვიყოთ იმაში, რომ უკრაინას ეფექტიანად შეუძლია დაიცვას საკუთარი თავი, ამით ჩვენ ასევე ვაძლიერებთ შეერთებული შტატების, ევროპისა და თავისუფალი ქვეყნების უსაფრთხოებას მთელ მსოფლიოში”.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთი თანდათან აძლიერებს იმას, რასაც "ჰიბრიდული შეტევებს" უწოდებენ, ფრონტის ხაზის გასწვრივ განლაგებული ქვეყნების წინააღმდეგ.

ეს არის: „ცეცხლის წაკიდება და დივერსია მომარაგების საწყობებზე; ბალტიისპირეთში საზღვაო საზღვრებისა და დემარკაციის უგულებელყოფა; უფრო და უფრო მეტი კიბერშეტევების განხორციელება; დეზინფორმაციის გავრცელების გაგრძელება”. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, “დღეს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმების გაძლიერება პრაქტიკულად ყველა მოკავშირემ შეიგრძნო. ჩვენ ვიცით, თუ რას აპირებენ ისინი და საჭიროებისამებრ ვუპასუხებთ როგორც ინდივიდუალურად, ისე კოლექტიური წესით”.

ბლინკენის თქმით, ასევე სერიოზული შეშფოთების საგანია ჩინეთის მხარდაჭერა, რომელსაც ის რუსეთის თავდაცვის სამრეწველო ბაზისადმი ავლენს:

„ვნახეთ ჩინეთიდან რუსეთისთვის არა უშუალოდ იარაღის, არამედ კრიტიკული საშუალებების მიწოდება, რამაც რუსეთს მისცა საშუალება, დააჩქაროს საკუთარი ტანკების, რაკეტების, ჭურვების წარმოება... და კიდევ უფრო ცხადი გახდა ჩემთვის ის, რაც პეკინში ჩინელ კოლეგებსაც გავუზიარე: ჩინეთი არ შეიძლება მოელოდეს, რომ ის ერთი მხრივ, გააუმჯობესებს ურთიერთობებს ევროპის ქვეყნებთან, ხოლო მეორე მხრივ, გააძლიერებს ევროპის უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს, ცივი ომის დასრულების შემდეგ”.

სახელმწიფო მდივნის თქმით, შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ასზე მეტ სუბიექტს, რომელთაც საკუთარი წვლილი შეაქვთ უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის მხარდაჭერაში. სანქციების დაწესება მომავალშიც “საჭიროებისამებრ” გაგრძელდება და ის მოელის, რომ ევროპაც, თავის მხრივ, საჭირო ნაბიჯებს გადადგამს.

ივლისში, შეერთებული შტატები ნატოს სამიტს უმასპინძლებს, რომელიც „ისტორიაში ყველაზე წარმატებული ალიანსის“ 75 წლის იუბილეს აღნიშნავს, - განაცხადა ბლინკენმა დასასრულს. მისი თქმით, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ყურადღება უნდა გამახვილდეს “იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც ჩვენ ვდგამთ, რათა ალიანსი შემდეგი 75 წლის განმავლობაშიც იყოს მორგებული როგორც დღევანდელ, ისე ხვალისთვის მოსალოდნელ გამოწვევებს”.

Related

XS
SM
MD
LG