Accessibility links

Breaking News

ტერიტორიის მითვისების მიზნით მიმდინარე, რუსეთის ომის 27 თვე


რუსეთის ტანკი დონეცკში, რუსეთის მიერ კონტროლირებულ უკრაინის ტერიტორიაზე. 6 აპრილი, 2024წ.
რუსეთის ტანკი დონეცკში, რუსეთის მიერ კონტროლირებულ უკრაინის ტერიტორიაზე. 6 აპრილი, 2024წ.

24 მაისს, 27 თვე შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და იქ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ეს იყო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ სხვისი ტერიტორიების მითვისებისკენ მიმართული, ბოროტი ომის დასაწყისი. „ეს უკრაინელი ხალხისთვის უდრის სიკვდილის, განადგურების, ფართომასშტაბიანი ნგრევისა და უზარმაზარი ტანჯვის 800 დღეს“, - განაცხადა იზუმი ნაკამიცუმ, გაეროს უმაღლესმა წარმომადგენელმა განიარაღების საკითხებში. მან იქვე გაფრთხილებაც გამოთქვა, რომ ამ ომში „იარაღისა და საბრძოლო მასალის ნებისმიერი გადაცემა უნდა მოხდეს მოქმედი საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში“.

როგორც მოსალოდნელი იყო, როგორც ეს წარსულშიც არაერთხელ მომხდარა, რუსეთმა კვლავ სცადა ბრალის არიდება და ომში დასავლეთის ქვეყნების დადანაშაულება, რომელთაც უკრაინას საკუთარი თავდაცვისთვის საჭირო საშუალებები მიაწოდეს.

”რამდენადაც არაკეთილსინდისიერია, იმდენად ცინიკურიც არის რუსეთის მხრიდან იმის მტკიცება, რომ თითქოს უკრაინის დახმარება იყოს ის, რაც ომს აჭიანურებს და არა - აგრესია მისი მხრიდან”, - თქვა რობერტ ვუდმა, გაეროში შეერთებული შტატების ალტერნატიულმა წარმომადგენელმა საგანგებო პოლიტიკურ საკითხებში და დასძინა: "მოდით, არ დაგვავიწყდეს, ვინ დაიწყო ეს ომი."

”რუსეთი მოხერხებულად გამოტოვებს ხოლმე იმ ფაქტს, რომ 140-ზე მეტმა ქვეყანამ არაერთხელ დაგმო მისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და მოუწოდა მას, დაუყოვნებლივ გასულიყო უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან,” - განაცხადა ვუდმა. მისი თქმით, შეერთებული შტატებისთვის „გასაგებია [ამ გარემოების] გამოტოვების მიზანი, რადგან ეს ფაქტი მისთვის არასახარბიელოა. ეს არ მოდის თანხვედრაში მოსკოვის ნარატივთან, რომ ის ებრძვის "დასავლეთს"; ეს არ შეესაბამება მოსკოვის ნარატივს, რომ ის როგორღაც მსხვერპლია, მაშინ როცა ის სასტიკი მეთოდებით ცდილობს დაიმორჩილოს გაეროს მეორე წევრი სახელმწიფო“.

ფაქტი კი ისაა, რომ „რუსეთი საჩივრებით მიმართავს ამ საბჭოს, მაშინ როცა თავად უხეშად არღვევს საბჭოს რეზოლუციებს“, - განაცხადა ვუდმა. მისი თქმით, „გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული, რუსეთის ძალებმა უკრაინაზე ათეულობით იერიშის დროს, გამოიყენეს ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ბალისტიკური რაკეტები. რუსეთი იარაღს ირანიდანაც იღებს და ასევე სარგებლობს დიდი მხარდაჭერით ჩინეთიდან”.

”ნება მიბოძეთ, მკაფიოდ განვაცხადო: აღნიშნული მხარდაჭერის გარეშე, რუსეთი ვერ შეძლებდა ტერიტორიის მითვისების მიზნით მიმდინარე ომის გაგრძელებას”, - აღნიშნავს გაეროში შეერთებული შტატების ალტერნატიული წარმომადგენელი საგანგებო პოლიტიკურ საკითხებში.

და ბოლოს, "ამ თვის დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა რუსეთს სანქციები დაუწესა უკრაინის წინააღმდეგ ომში ქიმიური იარაღის გამოყენების გამო", - თქვა ვუდმა და განმარტა: „ჩვენი შეფასებით, რუსეთის ძალებმა ომის მეთოდად გამოიყენეს ქიმიური იარაღი ქლოროპიკრინი და არეულობის გასაკონტროლებელი [ქიმიური] აგენტები, რათა უკრაინის ძალები გამაგრებული პოზიციებიდან განედევნათ. შეერთებული შტატები გმობს ქიმიური იარაღის გამოყენებას ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი ძალის მიერ, ნებისმიერ შემთხვევაში”.

„მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, შეწყვიტოს სამხედრო თანამშრომლობა რუსეთთან, რომელიც მიმართულია უკრაინის წინააღმდეგ უკანონო აგრესიული ომის მხარდასაჭერად“, - განაცხადა ვუდმა.

შეერთებული შტატების ელჩის თქმით, „ვიდრე რუსეთი არ შეწყვეტს თავდასხმებს და არ გავა უკრაინიდან, შეერთებული შტატები კიევისადმი ერთგული იქნება, რათა უზრუნველყოს უკრაინისთვის იმის მიწოდება, რაც მას საკუთარი თავდაცვისთვის სჭირდება, გაეროს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად“.

XS
SM
MD
LG