ისრაელზე „ჰამასის“ სასტიკი თავდასხმების შემდეგ, შეერთებული შტატები ისრაელს მხარდაჭერას დაპირდა. ზოგმა მაშინვე დასვა კითხვა: ვაშინგტონის მხრიდან ისრაელის თავდაცვის დახმარება, უკრაინის წინაშე ჩვენი ვალდებულებების ხარჯზე ხომ არ მოხდება?
„ჩვენი მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ რკინითაა შედუღაბებული“ - განაცხადა ამერიკის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა. „არაფერი შეგეშალოთ, შეერთებული შტატები იდგება უკრაინის გვერდით მანამდე, სანამ ეს საჭირო იქნება“.
11 ოქტომბერს, შეერთებულმა შტატებმა განცხადება უკრაინის უსაფრთხოების დახმარების კიდევ ერთი პაკეტზე გააკეთა, რომლის მოცულობა დაახლოებით 200 მილიონი დოლარია. იმავდროულად, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-16 შეხვედრაზე, ოსტინმა აღნიშნა, რომ „ეს არის მთელი მსოფლიოდან კეთილგანწყობილი 50-მდე ქვეყნის კოალიცია, რომელიც გაერთიანდა უკრაინის უსაფრთხოებისთვის $33 მილიარდზე მეტი დახმარების გარშემო“. ამის მიუხედავად, პენტაგონის მეთაურმა თქვა, რომ მათ კარგად მოეხსენებათ და შესაბამისად აფასებენ „პუტინის ბოროტმოქმედებას და იმედგაცრუების ხარისხს“.
ოსტინის თქმით, „მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ კრემლი ამ ზამთარს კვლავ დაბომბავს უკრაინას ფრთოსანი რაკეტებით და დრონებით. მოსალოდნელია, რომ პუტინის ძალები სასტიკად და მიზანმიმართულად ამოიღებენ სამიზნეში უკრაინის ქალაქებს, მშვიდობიან მოსახლეობას და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას“.
უკრაინაში „მშვიდობიანი მოსახლეობის სამიზნეებად გადაქცევით, პუტინი იმედოვნებს, რომ გატეხს უკრაინელი ხალხის სულისკვეთებას და მათ მწარე სიცივეში და სიბნელეში ამყოფებს“ - გააფრთხილა შეხვედრის მონაწილეები შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა.
ოსტინი ამბობს: „პუტინს უკრაინელი ხალხის დემორალიზების იმედი ჰქონდა. სანაცვლოდ, მან რუსი სამხედროების დემორალიზება მოახდინა. პუტინს უკრაინის იზოლაციის იმედი ჰქონდა. სანაცვლოდ, მან რუსეთის იზოლაცია მოახდინა... ასე რომ, აგრესიის ამ ომში, არავის არ უნდა შეექმნას წარმოდგენა, რომ დრო კრემლის მხარეს მუშაობს“.
„ჩვენ ერთად ვდგავართ. პუტინი მარტო დგას“, - თქვა მან. ყველას ესმის არსებული „ფსონები და თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინის ბრძოლა, საკუთარი თავის დასაცავად.
„უკრაინა მნიშვნელოვანია, რადგან პუტინის მიერ საკუთარი არჩევანით დაწყებული ომი წარმოადგენს დიდ და გადაუდებელ საფრთხეს ევროპის უსაფრთხოებისთვის” - თქვა მან. „უკრაინა მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთის სისასტიკე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, შეურაცხყოფს ჩვენს საერთო ღირებულებებს და ემუქრება კანონის უზენაესობას. უკრაინა მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთის თავდასხმები უკრაინის მარცვლეულზე გამიზნულადაა მიმართული მთელი მსოფლიოს უდანაშაულო ადამიანთა შიმშილის და ტანჯვის გამოწვევისთვის. და უკრაინა მნიშვნელოვანია, რადგან თუ დიდ ძალებს შეუძლიათ დაუსჯელად შეიჭრან თავიანთი მშვიდობიანი და დემოკრატიული მეზობლების მიწაზე, ეს წაშლის კანონებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგს, რომელმაც დედამიწა გაცილებით უსაფრთხო გახადა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ“.
ლოიდ ოსტინის განცხადებით, „სწორედ ეს არის ის მიზეზი, რამაც ერთად შეგვკრიბა“. ამერიკის თავდაცვის მდივანმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე ასევე თქვა, რომ „ჩვენი მხარდაჭერა უკრაინაში თავისუფლების ძალების მიმართ, მტკიცედ გაგრძელდება წლის ნებისმიერ დროს და ყველანაირ გრიგალს გაუძლებს“.