გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის, როზმარი დიკარლოს თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან თექვსმეტი თვის შემდეგ, „მოკვლის, ნგრევის და ტანჯვის შემთხვევები არ მცირდება და მშვიდობის პერსპექტივა კვლავ საშინლად მკრთალია“.
„უკრაინაზე რუსეთის სასტიკმა და უწყვეტმა თავდასხმებმა მილიონობით სახლი შუქის, გათბობის, წყლის გარეშე დატოვა“, განაცხადა გაეროში შეერთებული შტატების წარმომადგენელმა ლინდა თომას-გრინფილდმა. ელჩის თქმით, „ხერსონზე ბოლო იერიშებმა სამოქალაქო პირები, მათ შორის - დახმარების მუშაკები იმსხვერპლა, რომლებიც კახოვკის კაშხლის დანგრევის შემდეგ, დატბორვას გამოქცეულ ადამიანებს დახმარებას აწვდიდნენ“.
„ახლა, რუსეთი გაეროს უბლოკავს იმის საშუალებას, რომ დატბორილ ადგილებში ადამიანებს დახმარება მიაწოდოს. ეს მიუღებელია. რუსეთმა გაეროს დაუყოვნებლად უნდა მისცეს საშუალება, რომ უკრაინის ოკუპირებულ ადგილებში უკიდურესად საჭირო ჰუმანიტარული დახმარება მიიტანოს“, თქვა მან. ჰუმანიტარული დახმარების მუშაკებს უნდა ჰქონდეთ უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალება, როდესაც გაჭირვებაში მყოფთ დახმარებას და შემწეობას აწვდიან. საბრძოლო მოქმედებები სრულად უნდა შეჩერდეს.
„რუსეთი [უკრაინის] კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის გამო, საჯაროდ თვალთმაქცობს და ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს“, თქვა ლინდა თომას-გრინფილდმა. „მაგრამ, რუსეთის ფარისევლობა აშკარად ჩანს, როდესაც ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ აქცევს რუსული რაკეტები და დრონები მთელ უკრაინულ ქალაქებს ნანგრევებად“- განაცხადა მან.
„პრეზიდენტი პუტინი შეპყრობილია სურვილით, რომ უცხო ქვეყანას დამორჩილება აიძულოს, მაგრამ უკრაინელი ხალხი თავის სუვერენიტეტს, თავის დემოკრატიას, საკუთარ თავისუფლებას არასდროს, არასდროს დათმობს. პრეზიდენტი პუტინი ფიქრობდა, რომ მისი ძალები უკრაინაში მცირე წინააღმდეგობის პირობებში ან წინააღმდეგობის გარეშე შევიდოდნენ“, თქვა ლინდა თომას-გრინფილდმა.
„მაგრამ, ის მოტყუვდა. უკრაინელმა ხალხმა შესანიშნავი სიმამაცე და სიმტკიცე გამოიჩინა. პრეზიდენტი პუტინი ფიქრობდა, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან პასუხს არ მიიღებდა. შემდეგ, მას იმედი ჰქონდა, რომ საერთაშორისო საზოგადოება მისი ომით დაიღლებოდა და ჩვეულებრივ ცხოვრებას გააგრძელებდა, მაგრამ ამაშიც შეცდა“, აღნიშნავს შეერთებული შტატების ელჩი გაეროში.
„140-ზე მეტმა ქვეყანამ რუსეთის სურვილით გაჩაღებული ომის დაგმობას არაერთხელ მისცა ხმა და 140-ზე მეტმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი უკრაინაში ყოვლისმომცველ, სამართლიან და ხანგამძლე მშვიდობას, რომელიც გაეროს პრინციპებზე იქნება დაფუძნებული“, აღნიშნა ლინდა თომას-გრინფილდმა და დასძინა, რომ „რუსეთმა მშვიდობისკენ მიმართული მოლაპარაკებების მიმართ, არსებითი ინტერესი არ გამოამჟღავნა“.
მისი განცხადებით, „უნდა გავაგრძელოთ რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება იმ დანაშაულების გამო, რომელთაც ის უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ სჩადის და გავაგრძელოთ მოწოდება რუსეთის მიმართ, რომ თავისი ზარბაზნები ჩააჩუმოს და დიპლომატია გააძლიეროს. სანამ ის ასე არ მოიქცევა, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის დახმარებას რუსეთის ველური თავდასხმებისგან მის მტკიცე თავდაცვაში“.
„მოსკოვის აგრესიისადმი დამორჩილებას, ყველა დიდი და მცირე, ძველი და ახალი ქვეყნისთვის შეუძლია საფრთხის შექმნა“, თქვა ამერიკის ელჩმა. ლინდა თომას-გრინფილდის განცხადებით, „არასდროს უნდა დავუშვათ, რომ ომი საერთაშორისო საზღვრების შეცვლის ეფექტიანი გზა გახდეს... და ჩვენ უკრაინელ ხალხთან კვლავაც სოლიდარული უნდა დავრჩეთ“.