Accessibility links

Breaking News

ახალი საშიშროება უკრაინაში


კახოვკის ჰესზე კაშხლის დაზიანებით გამოწვეული წყალდიდობა უკრაინის ხერსონის რაიონში. 8 ივნისი, 2023 წ.
კახოვკის ჰესზე კაშხლის დაზიანებით გამოწვეული წყალდიდობა უკრაინის ხერსონის რაიონში. 8 ივნისი, 2023 წ.

6 ივნისს, უკრაინის ხერსონის რაიონში, კახოვკის ჰესზე კაშხალი დაზიანდა და ჰიდროელექტროსადგური დაინგრა. კაშხალს, რომელიც რუსეთის ძალებმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ მალევე დაიპყრეს, რუსეთი აკონტროლებდა. იმის მიუხედავად, რომ ჯერ კიდევ გარკვევით არ არის ცნობილი, თუ რამ გამოიწვია კოლაფსი ჰესზე, იყო ეს ნაგებობის ხარვეზი თუ საბოტაჟი, უეჭველია ერთი რამ: კაშხალი არ დაინგრეოდა, რუსეთი რომ უკრაინას თავს არ დასხმოდა.

„რუსეთი იყო ის, ვინც ეს ომი დაიწყო. რუსეთი იყო ის, ვინც უკრაინის ეს რეგიონი დაიპყრო და რუსეთის ძალები იყვნენ ისინი, ვინც გასულ წელს ჰესს უკანონოდ დაეპატრონენ და მას შემდეგ ოკუპირებული ჰქონდათ“ - განაცხადა რობერტ ვუდმა - პოლიტიკის საგანგებო საკითხებში შეერთებული შტატების წარმომადგენელმა გაეროში.

მისი თქმით, „სამოქალაქო ობიექტებზე მიზანმიმართული იერიშები ომის კანონითაა აკრძალული. რუსეთს, როგორც ჟენევის კონვენციის პირველი დამატებითი პროტოკოლის მონაწილეს, ვალდებულება აქვს, არ მიიტანოს შეტევა ობიექტებზე და ინსტალაციებზე, რომელთაც ‘სახიფათო ძალა აქვთ, კაშხლების ჩათვლით’, რადგან ასეთ იერიშებს შეუძლია გზა გაუხსნას საშიშ ძალებს და მშვიდობიან მოსახლეობაში მძიმე დანაკარგები გამოიწვიოს“.

რა თქმა უნდა, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე კაშხლის დანგრევა, რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების და ნგრევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინციდენტია, აღნიშნავს მარტინ გრიფიტსი, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარული და საგანგებო სიტუაციების მართვის მიმართულებით.

უფრო მეტიც, „კაშხლის დანგრევა ძირს უთხრის უკრაინის ენერგომომარაგების სტაბილურობას და შეუძლია დამატებითი გამოწვებები შეუქმნას ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის და მისი შემოგარენის უსაფრთხოების დაცვას“ - განაცხადა რობერტ ვუდმა.

ამერიკელი ელჩის თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ „ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის გამაგრილებელმა ავზმა, რომელიც წყლით კაშხლის რეზერვუარიდან მარაგდება, შეინარჩუნოს სტაბილურობა და წყალზე წვდომა, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რეაქტორების გაგრილების და მათ მიერ საწვავის მოხმარების საქმეში“. რობერტ ვუდმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, „განახლდეს სენსორების კონტაქტი, რომლებიც ავტომატურად აგზავნის შეტყობინებებს უკრაინის სამოქალაქო მარეგულირებლებთან და ნება დართოს გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, ჰქონდეს სანდო, დასაყრდნობი ინფორმაცია სადგურზე რადიოაქტიურობის სხვადასხვა დონეზე“.

რობერტ ვუდის განცხადებით, „შეერთებული შტატები გააგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან მუშაობას, რათა რუსეთს პასუხი მოეთხოვოს უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გამო. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, რომელიც კრემლის სისასტიკის პირისპირ თავს იცავს... გამოსავალი ნათელია: რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან. მან უნდა დაასრულოს ეს ომი. და მან უნდა შეწყვიტოს ამ ომის მოტანილი, ენით გამოუთქმელი ადამიანური ტანჯვა“.

XS
SM
MD
LG