უკრაინაზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სრულმასშტაბიან თავდასხმას, შედეგად დამანგრეველი ადამიანური მსხვერპლი მოაქვს - განაცხადა ერთ-ერთ ბრიფინგზე ბეთ ვან შააკმა. ის ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელია გლობალური სისხლის სამართლის და მართლმსაჯულების საკითხებში. „ჩვენ ვიხილეთ ათასობით მოკლული მშვიდობიანი მოქალაქე, მილიონობით უკრაინელს საკუთარი სახლის დატოვება აიძულეს. ბევრი ადამიანი სხვა ქვეყანებში ლტოლვილად იქცა, ისტორიული ქალაქები კი მიწასთანაა გასწორებული“ - განაცხადა მან.
რუსეთის მთავრობის მიერ სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული აგრესიის ომი წარმოადგენს გაეროს ქარტიის დარღვევის მანიფესტაციას. რუსეთის შეიარაღებული ძალების წევრებმა ჩაიდინეს ომის დანაშაული და დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. მათ შორისაა: მკვლელობის დანაშაული; გაუპატიურება; წამება და უკრაინის მოსახლეობის დეპორტაცია, ბავშვების ჩათვლით.
არსებობს „მტკიცებულებათა მზარდი რაოდენობა“, ამბობს ბეთ ვან შააკი, „რომ ამ მასობრივ, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულებს ადგილი ჰქონდა უკრაინის თითოეულ რეგიონში, სადაც რუსეთის ძალები იყო განლაგებული“.
„ომის მოგება გაცილებით მეტია, ვიდრე ბრძოლის ველზე გამარჯვება. ეს ასევე ნიშნავს სამართლიანობის გამარჯვებისთვის მიმდინარე ბრძოლის მოგებას“ - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა. მისი თქმით, აუცილებელია, რომ საერთაშორისო საზოგადოების ფოკუსში კვლავაც დარჩეს სამართლიანობა და ანგარიშვალდებულება.
აშშ-ის წარმომადგენელი გლობალური სისხლის სამართლის და მართლმსაჯულების საკითხებში საუბრობს 3 გზაზე, რომელთა საშუალებითაც შესაძლოა მოხდეს უკრაინაში ჩადენილი ომის, თუ სხვა სასტიკი დანაშაულების გამოძიება. პირველი გულისხმობს უკრაინის საკუთარი, ადგილობრივი სასამართლოების ჩართვას. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა უკვე აღრიცხა 70 000-ზე მეტი პოტენციური ომის და სხვა სისასტიკით გამორჩეული დანაშაულის ფაქტი. შეერთებული შტატების, ევროპის კავშირის და ბრიტანეთის მიერ დაფუძნებული მრჩეველთა ჯგუფი სასტიკ დანაშაულებათა საკითხებში, უკრაინის გენერალურ პროკურორს დახმარებას უწევს ექსპერტების გაგზავნით, რათა მოხდეს დოკუმენტების შედგენა, მტკიცებულებათა შეგროვება, შენახვაა და სათანადო ანალიზი.
მეორე გზა, ესაა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო. მისი ჩართვა მიზანშეწონილია, ვინაიდან უკრაინის მთავრობა მის იურისდიქციას ექვემდებარება. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და 2014 წლის 20 თებერვალს ყირიმი დაიპყრო, კიევი მოსკოვს იქ ჩადენილ სავარაუდო ომის დანაშაულებშიც უყენებს ბრალს.
და ბოლოს, ვან შააკის თქმით, მსოფლიოს სხვა ადგილობრივ სასამართლოებში, კერძოდ კი ევროპაში, იწყება უკრაინაში ჩადენილი ომის და სხვა სასტიკ დანაშაულთა გამოძიება. ეს საგამოძიებო პროცესები საყოველთაო იურისდიქციის პრინციპებს ექვემდებარება, რაც იძლევა სასამართლო დევნის საშუალებას ქვეყნის ტერიტორიის გარეთ ჩადენილი დანაშაულების გამო.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომი წარმოადგენს ღრმად მორალურ პრობლემას, რომელთანაც საერთაშორისო საზოგადოებას უწევს გამკლავება“ - აღნიშნავს ბეთ ვან შააკი. ამერიკელი დიპლომატის თქმით, „მხოლოდ მძლავრი ანგარიშვალდებულების შემთხვევაში იქნება ეს შესაძლებელი და შეკავების შედეგიც უძლიერესი დადგება, რათა მსოფლიოს სხვა ლიდერებიც ორჯერ დაფიქრდნენ, ვიდრე ისინი, პრეზიდენტ პუტინის მსგავსად, აგრესიის ომს წამოიწყებენ“.