Accessibility links

Breaking News

ამერიკა განცხადებას უკრაინის ენერგოსექტორის მორიგ დახმარებაზე აკეთებს


რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები უკრაინაში
რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები უკრაინაში

შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ უკრაინის ენერგოსექტორს და მის ელექტროგადამცემ სისტემას, დამატებით 125 მილიონი დოლარით დაეხმარება, რუსეთის მხრიდან მიმდინარე შეტევების ფონზე, რომელთა სამიზნეს ენერგიით მომარაგების ხაზები და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურა წარმოადგენს. ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის გამუდმებული იერიშების პირისპირ მყოფი უკრაინის ენერგოსექტორის დასახმარებლად, მისი შეკეთების და გაძლიერების მიზნით, შეერთებულმა შტატებმა კიევს $270 მილიონის დახმარება მიაწოდა.

რუსეთის ფედერაციას უკრაინაზე შეტევები მიაქვს საკრუიზო რაკეტებით, ბალისტიკური რაკეტებით და ირანში წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატებით, რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ, და განსაკუთრებით - 2022 წლის ოქტომბრიდან. ლინდა თომას-გრინფილდი, ამერიკის ელჩი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ამ დაბომბვებს „ბარბაროსულს“ უწოდებს.

„რუსეთი იყენებს ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს უკრაინის ენერგოსისტემაზე იერიშის მისატანად, ტოვებს რა მილიონობით უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეს შუაგულ ზამთარში ელექტროენერგიის, გათბობის და სხვა კრიტიკული მომსახურების გარეშე. დღეს უკრაინაში ხალხი იტანჯება და კვდება ირანის მხრიდან [რუსეთის] მხარდაჭერის გამო“ - აცხადებს ლინდა თომას-გრინფილდი.

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ამ $125 მილიონის დახმარებას მოახმარს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დანადგარებს, რომელთა შორის ასახელებენ: სამრეწველო ზომის საწვავზე მომუშავე მობილურ ტურბინ-გენერატორებს; მაღალი ვოლტაჟის ავტოტრანსფორმატორებს; შესაკეთებელი მოწყობილობებით აღჭურვილ დისტრიბუციის ქვესადგურებს; სათადარიგო ელექტრომომარაგებას კიევის წყალგაყვანილობისთვის და უბნების გამათბობლებისთვის.

USAID-მა უკვე მიაწოდა უკრაინას 1 548 გენერატორი და ამჟამად კიდევ უფრო მეტია გზაში. რუსეთის თავდასხმის გამო ელექტროენერგიის გამორთვის შემთხვევაში, ეს გენერატორები სკოლებს, საავადმყოფოებს, იძულებით გადაადგილებულთა დახმარების ცენტრებს, საუბნო გამათბობელ კომპანიებს და წყალგაყვანილობის სისტემებს, ელექტროენერგიით უზრუნველყოფს.

ამას გარდა, შეერთებულმა შტატებმა უკრაინის გათბობის ინფრასტრუქტურაში $55 მილიონის ინვესტიცია ჩადო, რათა ზამთრის პირობებში უკრაინელ ხალხს დაეხმარების ხელი გაუწოდოს. ეს თანხები დაახლოებით 7 მილიონ უკრაინელს დაეხმარება იმით, რომ ის მოხმარდება გაყვანილობების და სხვა მოწყობილობა-დანადგარების საექსპლუატაციო შეკეთებას.

რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ სასტიკ ომში, შეერთებული შტატები უკრაინის მთავრობის და ხალხის მტკიცე მხარდამჭერად რჩება. უკრაინის მთავრობისადმი შეერთებული შტატების მხრიდან გაწეული $13-მილიარდიანი პირდაპირი დახმარება მთავრობის კრიტიკული სამსახურების მუშაობის შენარჩუნებასაც მოხმარდა. ამას გარდა, ამერიკამ უკრაინაში და მეზობელ ქვეყნებში იძულებით გადაადგილებული უკრაინელებისთვის $1.9 მილიარდის ოდენობის ჰუმანიტარული დახმარება გაიღო. 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული, მილიონობით უკრაინელი იძულებული გახდა სახლიდან გაქცეულიყო და თავი სხვაგან შეეფარებინა.

შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინაში და მის ფარგლებს მიღმა მყოფი გატანჯული ადამიანების დახმარებას და წაახალისებს იმ პირების პასუხისმგებლობის დაყენებას, ვინც არღვევს საერთაშორისო ნორმებს და ეხმარება ამ უკანონო და ამორალური ომის წარმოებას.

XS
SM
MD
LG