იანვრის მეორე ნახევარში, შეერთებულმა შტატებმა განცხადება ახალ, $2.5 მილიარდის ოდენობის დახმარების პაკეტზე გააკეთა, რათა უკრაინას რუსეთის თავდასხმასთან გამკლავებაში დაეხმაროს. „ახალ წელს ვიწყებთ განახლებული გადაწყვეტილებით, მხარი დავუჭიროთ უკრაინის მამაც დამცველებს“ - თქვა ლოიდ ოსტინმა, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯფუფთან შეხვედრაზე, რომელიც გერმანიაში, რამშტაინის საავიაციო ბაზაზე გაიმართა.
„პუტინმა ვერ გათვალა უკრაინელი ხალხის სიმამაცე. და მან ვერც უკრაინელი სამხედროების უნარები გათვალა“ - განაცხადა ოსტინმა.
თუმცა, ამერიკის თავდაცვის მდივნის თქმით, „ჩვენ ამ მომენტით უნდა ვისარგებლოთ“, რათა გადამწყვეტი ნაბიჯები გადაიდგას. „ ვიცით, რომ რუსეთი კვლავაც აგრესიის და დაპყრობისკენ იხრება. და რუსეთის ძალებმა განაახლეს საშინელი იერიშები, დახოცეს რა უცოდველი უკრაინელები“ - აცხადებს ლოიდ ოსტინი.
„სულ რამდენიმე დღის წინ, ქალაქ დნიპროში რუსეთის არჩევანით დაწყებული ომის სისასტიკე ვიხილეთ. რუსეთის სარაკეტო იერიშმა საცხოვრებელი სახლი დაანგრია, მოკლა სულ ცოტა, 46 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვებიც. კრემლის ძალები აგრძელებენ უკრაინული ქალაქების და მოსახლეობის ბომბარდირებას“ - აღნიშნავს პენტაგონის ხელმძღვანელი. მისი თქმით, „რუსეთის ძალებს სამიზნეში ამოღებული აქვთ ენერგო-ობიექტები, თეატრები, სპორტული დარბაზები, უკრაინის ისტორიული და კულტურული ცენტრები. რუსეთის იერიშების მიზანი უკრაინელთა სულის გატეხვაა“.
„უკრაინისთვის ეს გადამწყვეტი მომენტია“, ამბობს ოსტინი. „ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინის თავდაცვას, რა დროც არ უნდა დასჭირდეს ამას. ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი ძვირფასი მოკავშირეების და პარტნიორების გვერდში ვდგავართ“.
ამერიკის თავდაცვის მდივნის თქმით, უკრაინის დახმარების ავანგარდში დღეს პოლონეთია, რომელიც „აწვდის უკრაინულ ძალებს სამხედრო მანქანებს, წვრთნის უკრაინელ ჯარისკაცებს, თავშესაფრით უზრუნველყოფს უკრაინელ დევნილებს. ჩვენმა გერმანელმა მასპინძლებმა გამოაცხადეს, რომ ისინიც მიაწვდიან უკრაინას „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემას, რაც „პატრიოტებით“ [დახმარების] ჩვენს წვლილს დაემატება“.
„კანადამ განაცხადა, რომ ის უკრაინას „ნასამსის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას მიაწვდის. ეს უკრაინის მიერ საკუთარი ცის დაცვის შესაძლებლობებში მნიშვნელოვან ინვესტიციას წარმოადგენს. საფრანგეთმაც AMX-10 მსუბუქი ტანკებით მნიშვნელოვან დახმარებაზე გააკეთა განცხადება. ევროპის ბევრმა სახელმწიფომ განაცხადა, რომ სურთ ევროპის კავშირის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მისიის ფარგლებში, მათთან წვრთნები ჩატარდეს“ - აღნიშნავს ლოიდ ოსტინი.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმით, „ეს გარდამტეხი მომენტია. რუსეთი გადაჯგუფების, [ჯარების] შევსების და შეიარაღების გადახალისების პროცესშია. ახლა შენელების დრო არ არის. კიდევ უფრო გაძლიერების დროა. უკრაინელი ხალხი შემოგვყურებს, კრემლი თვალს გვადევნებს და ისტორია გვაკვირდება“.
„ასე რომ, ჩვენ არ შევნელდებით. ურყევია ჩვენი მიზანდასახულება რუსეთის იმპერიული აგრესიისგან უკრაინის თავდაცვისუნარიანობის დახმარებაში“ - აცხადებს აშშ-ის თავდაცვის მდივანი.