Accessibility links

Breaking News

რუსეთმა უკრაინაში ჩადენილი სისასტიკისთვის პასუხი უნდა აგოს


მანქანები ჩაბნელებული კიევის ქუჩაზე, მას შემდეგ, რაც რუსეთის სარაკეტო იერიშებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დააზიანა. 16 დეკემბერი, 2022 წ.
მანქანები ჩაბნელებული კიევის ქუჩაზე, მას შემდეგ, რაც რუსეთის სარაკეტო იერიშებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დააზიანა. 16 დეკემბერი, 2022 წ.

რუსეთის მიერ დაწყებული დამანგრეველი აგრესიის ომი უკრაინელ ხალხს კვლავ ძვირად უჯდება.

"უკრაინაში ახლა 5.9 მილიონი მილიონი იძულებით ადგილნაცვალი ადამიანი ჰყავს", რომელთაც სახლის დატოვება აიძულეს - აღნიშნავს უზრა ზეია, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების საკითხებში. კიდევ 7.8 მილიონმა უკრაინელმა ქვეყანა დატოვა და ლტოლვილია.

ზამთრის პირობებში მილიონობით უკრაინელი ელექტროენერგიის, წყლის და გათბობის გარეშეა, რადგან რუსეთი განუწყვეტლივ უტევს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.

შემაძრწუნებელი შედეგები ახლავს თან რუსეთის საფილტრაციო ოპერაციებსა და უკრაინელთა იძულებით დეპორტაციას. ქვეყნიდან გატაცებული და ძალით გაშვილებულია 11 000-მდე უკრაინელი ბავშვი.

"რთულია, სიტყვებით იმ მილიონზე მეტი მოქალაქის ტანჯვის აღწერა, რომელთაც კრემლის საფილტრაციო ბანაკები გამოიარეს"-აღნიშნა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ. "ფილტრაცია-გამოვლილი მოქალაქეები იხსენებენ მუქარას, დაშინებასა და წამებას, რომელსაც რუსეთის უშიშროების სამსახურები და მათი ხელქვეითები უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში მიმართავენ. მათ ხელთ იგდეს მოქალაქეთა ბიომეტრიული მონაცემები, ჩამოართვეს პირადობის დამადასტურებელი საბუთები და კომუნიკაციის ყველა საშუალება" - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მოადგილის განცხადებაში.

შეერთებული შტატები იღებს ზომებს, რათა რუსეთმა პასუხი აგოს ბოროტებისა და უკანონობისათვის, რომელსაც ის უკრაინაში სჩადის. "საერთაშორისო გამომძიებელთა და პროკურორთა ჯგუფები უკრაინაში გაემგზავრნენ, რათა უკრაინის გენერალურ პროკურატურას ომის დანაშაულთა საქმეების შეგროვებაში, დოკუმენტირებასა და სასამართლოში წარსადგენად ამ საქმეთა მომზადებაში დაეხმარონ", ვკითხულობთ მის განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით მომუშავე კონფლიქტის სადამკვირვებლო პროგრამა დამოუკიდებლად მოიპოვებს, აანალიზებს და ასაჯაროებს რუსეთის მიერ ჩადენილ, ომისა და სხვა დანაშაულთა მტკიცებულებებს. ახლახან, დამკვირვებლებმა გამოაქვეყნეს ანალიზი, რომელშიც აღწერილია უკრაინის ენერგო-ინფრასტრუქტურაზე რუსეთის გამუდმებული თავდასხმები, რომელთა მიზანია მკაცრ ზამთარში მოქალაქეთა გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე დატოვება.

ამას გარდა, დამკვირვებლებმა დაწვრილებით აღნუსხეს ასობით მოქალაქის ამბავი, რომლებიც თავს წამების, ან სხვა სასტიკი, არაადამიანური, ან დამამცირებელი მოპყრობის, ან სასჯელის მსხვერპლად, ან თვითმხილველად მიიჩნევენ. "ტრაგედიაა, რომ ეს მხოლოდ საილუსტრაციო მაგალითებია იმ უდიდესი და კატასტროფული მასშტაბის ზიანისა, რომელიც [რუსეთის ქმედებებმა] მოიტანა", წერია სახელმწიფო მდივნის მოადგილის წერილში.

შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები და პარტნიორები ევროპასა და მსოფლიოში კვლავ უკრაინის და მისი ხალხის გვერდით იდგებიან. აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებით, "ჩვენი კოლექტიური გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, ფოლადივით მტკიცეა დღეს, მტკიცე იქნება ომის განმავლობაში და იმდენ ხანს, რამდენი ხანიც უკრაინის გამარჯვებას დასჭირდება".

XS
SM
MD
LG