Accessibility links

Breaking News

უკრაინის მომავლის ხედვა


უკრაინის მხარდამჭერი დემონსტრაცია მიუნხენში, გერმანია. 18 თებერვალი, 2023 წ.
უკრაინის მხარდამჭერი დემონსტრაცია მიუნხენში, გერმანია. 18 თებერვალი, 2023 წ.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაში რუსეთის არმიის გაგზავნის და სასტიკი ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, შეერთებული შტატების, გერმანიის და უკრაინის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები გერმანიის ქალაქ მიუნხენში შეიკრიბნენ. კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარებულ შეხვედრაზე, მათ უკრაინის მომავალზე იმსჯელეს და ამასთან დაკავშირებით, ერთმანეთს საკუთარი ხედვა გაუზიარეს. სამივე თანხმდება იმაზე, რომ უკრაინაში ომი დასრულდება მაშინ, როცა რუსეთი შეწყვეტს ომს და თავის ჯარებს უკრაინის ტერიტორიიდან გაიყვანს.

მაგრამ, საკითხავია, სადამდე შეიძლება რუსეთის ომის მანქანამ უკან დაიხიოს, ვიდრე უკრაინაში მშვიდობის დამყარება გახდება შესაძლებელი? დასრულდება თუ არა ომი მაშინ, როცა რუსეთი 2022 წლის თებერვლამდე პოზიციებს დაუბრუნდება? თუ ძალადობა შეწყდება მხოლოდ მაშინ, როცა პუტინის არმია დაუბრუნდება პოზიციას, რომელიც მას 2014 წლის თებერვალში, ყირიმის ნახევარკუნძულზე შეჭრამდე ეკავა?

ეს უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია. „ჩვენ მხარს დავუჭერთ ჩვენი უკრაინელი მეგობრების გადაწყვეტილებებს საკუთარი ქვეყნის მომავლის [განსაზღვრის] საკითხში“ - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. თუმცა, მისი თქმით, „ნებისმიერი სახის მშვიდობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის პრინციპებთან თანხმობაში უნდა იყოს“.

„ისეთ შედეგებთან შეგუება, რომელიც როგორღაც გაამართლებს და დაამტკიცებს ტერიტორიის ძალისმიერ დაპყრობას, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ნებისმიერი სახელმწიფოს ინტერესებს მთელ მსოფლიოში“ - აღნიშნავს ბლინკენი. ის განმარტავს: „რადგან, თუკი ჩვენ ასე მოვიქცევით, ეს მთელი მსოფლიოსთვის პანდორას ყუთის გახსნის ტოლფასი იქნება. ყოველი მომავალი აგრესორი ჩათვლის, რომ თუ ეს რუსეთს შერჩა, მაშინ ჩვენც შეგვრჩება. ეს არავის ინტერესებში არ შედის, რადგან ეს რეცეპტია მსოფლიო კონფლიქტებისთვის.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თქმით, მათ საერთო ინტერესებში მხოლოდ ხანგრძლივი მშვიდობაა:

„ყველაფერი უნდა ვიღონოთ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, რათა დავრწმუნდეთ იმაში, რომ რუსეთი იგივეს არ გაიმეორებს ერთი წლის, ან ხუთი წლის შემდეგ. სხვასთან ერთად, ეს გულისხმობს იმაში დარწმუნებას, რომ უკრაინას აქვს აგრესიის მოგერიების შესაძლებლობა და საჭიროების შემთხვევაში, მისგან თავს დაიცავს.

იმის მიუხედავად, რომ ჩვენ შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ, რათა უკრაინა უზრუნველვყოთ იმ დახმარებით, რომელიც მას რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად ესაჭიროება, უნდა ვიფიქროთ იმაზე და უკვე ვფიქრობთ კიდეც, თუ როგორი იქნება ომის შემდგომი პერიოდი, რათა უზრუნველვყოთ არამარტო უკრაინელების უსაფრთხოება და სტაბილურობა, არამედ ევროპის უსაფრთხოება და სტაბილურობაც“.

„უკრაინის გამარჯვებაში და წარმატებაში ჩვენ ეჭვი საერთოდ არ გვეპარება. ამის უკან მარტივი, ძლიერი მიზეზი დგას“ - აცხადებს ბლინკენი. „სხვა ყველაფრისგან დამოუკიდებლად, მათ შორის - ჩვენგან მიწოდებული დახმარებისგან, ყველაზე დიდი განსხვავება იმაშია, რომ უკრაინელები საკუთარი ქვეყნისთვის იბრძვიან, საკუთარი მომავლისთვის, საკუთარი მიწისთვის. რუსები კი - არა“ - აღნიშნავს ბლინკენი. ამერიკის სახელმწიფო მდივნის თქმით, სწორედ ეს იქნება უკრაინის გამარჯვების საქმეში ყველაზე დიდი, გადამწყვეტი ფაქტორი.

XS
SM
MD
LG