Accessibility links

Breaking News

შეერთებული შტატები ზრდის „ვაგნერის ჯგუფის“ წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს


ვაგნერის ცენტრის შენობა სანქტ-პეტერბურგში, რუსეთი
ვაგნერის ცენტრის შენობა სანქტ-პეტერბურგში, რუსეთი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა „ვაგნერის ჯგუფის“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები - კრემლის მიერ მხადაჭერილი გასამხედროებული ორგანიზაციის, რომელსაც სათავეში ევგენი პრიგოჟინი უდგას. ჯგუფის წევრები გამოირჩევიან ადამიანის უფლებებზე ძალადობით და ჩადენილი აქვთ განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული დანაშაულები უკრაინაში, თუ მსოფლიოს სხვა კუთხეებში.

შეერთებული შტატების სანქციების სამიზნე „ვაგნერის ჯგუფის“ მთავარი ინფრასტრუქტურა და მასთან ასოცირებული წამყვანი კომპანიებია, მათი კავშირები ოქროს და ალმასის სექტორთან. ასევე - მათი საბრძოლო ოპერაციები უკრაინაში, კონტაქტები რუსეთში იარაღის მწარმოებლებთან, თუ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ადმინისტრაციულ მმართველებთან.

„ეს ქმედება“ - სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის თქმით - „ხელს შეუწყობს ჩვენს მიზანს, შეიზღუდოს მოსკოვის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმართვის შესაძლებლობა; წაახალისებს მათ ანგარიშვალდებულებას, ვინც პასუხისმგებელია რუსეთის მიერ წარმოებულ აგრესიის ომზე და ჩადენილ ძალადობაზე და დამატებით წნეხად დააწვება რუსეთის თავდაცვის სექტორს“.

როგორც ცნობილია, „ვაგნერის ჯგუფმა“ უკრაინაში 50 000-იანი პერსონალი ჩაიყვანა. თეთრი სახლის ინფორმაციით, მათ შორის 10 000 კონტრაქტორი და 40 000 მსჯავრდებულია, რომლებიც რუსეთის ციხეებიდან დაიქირავეს.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ახალი სანქციები „ვაგნერის ჯგუფის“ საკვანძო ინფრასტრუქტურას მოიცავს, რომელთა შორის სახელდება: მის მიერ გამოყენებული ავიაკომპანია, ჯგუფის აგიტაცია-პროპაგანდის ორგანო და მისი წამყვანი ფირმები.

ამას გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული აკრძალვები შეეხო რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 531 წევრს, რომელთა ქმედებებიც ემუქრება უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ან პოლიტიკურ დამოუკიდებლობას. მათ სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ.

„ვაგნერის ჯგუფისთვის“ ხაზინის დეპარტამენტს უკვე ჰქონდა დაწესებული სანქციები. მიზეზებს შორის სახელდებოდა პასუხისმგებლობა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობის ფაქტებში.

ახლა კი პირველად, შეერთებულმა შტატებმა „ვაგნერის ჯგუფს“ მიანიჭა მნიშვნელოვანი ტრანსნაციონალური დამნაშავეობრივი ორგანიზაციის კლასიფიკაცია და უკვე არსებული სანქციებიც გააფართოვა. „ვაგნერის პერსონალი“ - შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის განცხადებით - „ჩაერთო სერიოზული დამნაშავეობრივი ქმედებების მიმდინარე ტენდენციაში, რომელთა შორისაა: მასობრივი სიკვდილით დასჯის ფაქტები; გაუპატიურება; ბავშვების მოტაცება და ფიზიკური ძალადობა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და მალიში“.

შეერთებული შტატების მიერ „ვაგნერის ჯგუფისთვის“ სანქციების გაფართოება აღიარებს ჯგუფის კონტინენტთაშორის საფრთხედ გადაქცევას, რაც მოიცავს როგორც აფრიკის კონტინენტის ქვეყნებს, ისე უკრაინაში დაწყებული სასტიკი ომის არჩევანს.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, „შეერთებული შტატები მტკიცედ დაიცავს რუსეთის აგრესიის და მსოფლიოს გარშემო დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების წინააღმდეგ აღებულ კურსს“.

XS
SM
MD
LG