„მთელი მსოფლიოს გარშემო, ერები უკრაინის გვერდში დგომას აგრძელებენ“ - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. ის სიტყვით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს წინაშე გამოვიდა. „ვინაიდან ჩვენ ყველა ვაცნობიერებთ იმას, რომ უკრაინის მიტოვების შემთხვევაში, ჩვენ დავტოვებთ თვით გაეროს ქარტიას და იმ პრინციპებს და წესებს, რომლებიც ყველა სახელმწიფოს უფრო უსაფრთხოდ და დაცულად ამყოფებს“ - აღნიშნავს ბლინკენი.
„თუკი ჩვენ ამ უმთავრეს პრინციპებს არ დავიცავთ“, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თქმით, „ჩვენ გზას გავუხსნით სამყაროს, რომელშიც სუსტებზე ძლიერების დომინირება შესაძლოა მისაღებ, სწორ ქმედებად აღიქმებოდეს“.
ამ პრინციპების დაცვის სამი გზა არსებობს, აცხადებს ენტონი ბლინკენი. „პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვეცადოთ მივაღწიოთ სამართლიან და მდგრად მშვიდობას“.
მისი თქმით, „მშვიდობა რომ სამართლიანი იყოს, ამისთვის ის უნდა იცავდეს გაეროს ქარტიის ფუნდამენტურ პრინციპებს: სუვერენიტეტს, ტერიტორიულ ხელშეუხებლობას, დამოუკიდებლობას. მშვიდობა რომ მდგრადი იყოს, უნდა მოხდეს იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთმა უბრალოდ არ შეისვენოს, თავიდან არ შეიარაღდეს და ხელახლა არ წამოიწყოს ომი რამდენიმე თვეში, ან რამდენიმე წელიწადში. ნებისმიერი სახის მშვიდობა, რომელიც მიწის ძალადობრივი დაპყრობის ლეგიტიმაციას ახდენს, დაასუსტებს ქარტიას და იქნება გზავნილი მსოფლიოში აგრესიის მოსურნეთათვის, რომ მათ შეუძლიათ შეიჭრნენ სხვა ქვეყნებში და ეს შერჩებათ“.
ზოგიერთმა სახელმწიფომ გამოთქვა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის გვერდში დგომამ და რუსეთისთვის ანგარიშვალდებულების მოთხოვნამ, სხვა საჭიროებებიდან ყურადღება გადაიტანა და მიმართულება შეუცვალა მათზე ფოკუსს და რესურსების მიწოდებას. „ამ ქვეყნებს ვეტყოდი: დააკვირდით ჩვენს ქმედებას“ - თქვა ბლინკენმა.
„გარდა იმისა, რომ შიმშილთან ბრძოლის მიზნით, შეერთებულმა შტატებმა გასულ წელს $13.5 მილიარდი გამოყო სურსათით დახმარებისთვის, ჩვენ ასევე 40%-ით დავაფინანსეთ [გაეროს] მსოფლიო სასურსათო პროგრამის ბიუჯეტი. რუსეთის შენატანი ამ ბიუჯეტში 1%-ზე ნაკლებია. ეს გამონაკლისი არ გახლავთ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, შეერთებული შტატების შენატანი გაეროს სამშვიდობო პროგრამებში რუსეთისას 9-ჯერ აღემატება“.
და ბოლოს, „ჩვენ უნდა დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება იმის მიმართ, რასაც გაეროს ქარტია ადამიანის პიროვნული ღირსების და ღირებულების დაცვას უწოდებს“, აღნიშნავს ბლინკენი.
სახელმწიფო მდივნის თქმით, „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რუსეთის ომის დანაშაულების და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა დოკუმენტურად აღრიცხვა და ამ მტკიცებულებათა გაზიარება გამომძიებლების და პროკურორებისთვის, რათა ერთ დღესაც, შესაძლებელი გახდეს დამნაშავეთა პასუხისმგებლობის დაყენება“.
უკრაინაში ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც ისეთ სამყაროში სურს ყოფნა, სადაც შესაძლებელია მშვიდობით ცხოვრება. „ჩვენ დღეს გვაქვს იმის ძალა და პასუხისმგებლობა, რომ მომავალ თაობებს ასეთი სამყარო შევუქმნათ“ - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. „ჩვენ ერთ ქვეყანას მისი განადგურების შესაძლებლობას ვერ და არც მივცემთ“.