შეერთებული შტატები და გერმანია კვლავ პარტნიორები არიან „მსოფლიოსთვის საჭირბოროტო ყველა იმ საკითხთან მიმართებაში, რომლებიც ჩვენი ხალხისთვისაა მნიშვნელოვანი დღეს, ამ დროს“, განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან ერთად გამართულ ბოლო პრესკონფერენციაზე.
ორი ქვეყნის ლიდერებმა შეხვედრაზე განიხილეს აგრესიის ომი, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ წამოიწყო და ჯერ კიდევ გრძელდება. უკრაინის მხარდაჭერის საქმეში, გერმანია, შეერთებული შტატების შემდეგ, დახმარების მეორე უდიდესი მიმწოდებელია მსოფლიოში, აცხადებს ბლინკენი.
„ორივე ღრმად ერთგულნი ვართ იმ ძლიერი მხარდაჭერის გაგრძელების, რომელსაც უკრაინას ჩვენ და მსოფლიოს ათობით სხვა ქვეყანა უწევს - სამხედრო, ეკონომიკური, თუ ჰუმანიტარული მიმართულებით. და ეს მხარდაჭერა გამოიხატება ყველაფერში, რასაც ჩვენ ახლა უკრაინის დასახმარებლად ვაკეთებთ, რომელიც კიდევ უფრო მეტი კუთვნილი ტერიტორიის დაბრუნების მიზნით, კონტრშეტევას ახორციელებს“.
უკრაინის ეკონომიკურ გაჯანსაღებაში დახმარების მიზნით, შეერთებულმა შტატებმა სპეციალურ წარმომადგენლად დაასახელა პენი პრიცკერი, აშშ-ის ვაჭრობის ყოფილი მდივანი. ის მჭიდროდ ითანამშრომლებს გერმანიასთან, ევროპის კავშირთან და დიდი შვიდეულის პარტნიორებთან, რათა ხელი შეუწყოს ინვესტიციებს უკრაინის საჯარო და კერძო სექტორში.
ორივემ, ენტონი ბლინკენმა და ანალენა ბერბოკმა, მტკიცედ მოუწოდეს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის სახელით ცნობილი საერთაშორისო შეთანხმების განახლებისკენ, რომელმაც ძალაში შესვლის შემდეგ, უკრაინას 30 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეულის ექსპორტის საშუალება მისცა.
„ყველაზე მეტად იტანჯებიან განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები. სურსათის დეფიციტი გაიზარდა, ფასებმა მოიმატა ყველასთვის, იმ ქვეყნებშიც კი, რომლებიც პირდაპირ არ იღებდნენ საკვებს უკრაინიდან. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ შავი ზღვის ინიციატივით უკრაინიდან შემოსული მარცვლეულის უმეტესი ნაწილი განვითარებად ქვეყნებში მიდიოდა... ეჭვგარეშეა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ალტერნატიულ მარშრუტებზე უკრაინიდან მარცვლეულის გასატანად“ - განაცხადა ბლინკენმა.
შეერთებული შტატები და გერმანია ასევე იზიარებენ ერთობლივ მიდგომას ჩინეთის მიმართ, თქვა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა:
”ორივე ჩვენგანს, სხვა საკითხებთან ერთად, საერთო მიზანი გვაერთიანებს, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებს, რისკის შემცირების და არა დაშლის საქმეში... ჩვენ ასევე ძალიან ერთგულნი ვართ მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის, თუ სტატუს-კვოს შენარჩუნების მხრივ, როდესაც საუბარია ტაივანზე, ისევე როგორც მთელ რეგიონზე“.
ბლინკენის თქმით, გერმანია რჩება ნატოს კრიტიკულ მოკავშირედ და ასრულებს ვილნიუსის ვალდებულებებს ალიანსის შესაძლებლობებთან დაკავშირებით.
შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის გერმანიასთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის გაგრძელებას მომდევნო წლების განმავლობაში - აღნიშნავს შეერთბული შტატების სახელმწიფო მდივანი.