უკრაინაზე არაპროვოცირებული და უკანონო თავდასხმის დასაწყისიდანვე, რუსეთმა სამიზნედ უკრაინის ინფრასტრუქტურა და სოფლის მეურნეობა ამოიღო.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომით მოტანილი ნგრევა, კერძოდ - მისი ეკონომიკის ყველა ფორმის მიმართ, შემაძრწუნებელი იყო“, თქვა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
„მაგრამ, ჩვენ უკვე ვხედავთ უკრაინის შესანიშნავ წარმატებებს არა მხოლოდ დაკარგულის აღდგენის საქმეში, არამედ ხშირ შემთხვევაში, ნამდვილად მომავალზე გათვლილ მშენებლობაში“.
„საბოლოოდ მიზანი არის არა მხოლოდ უკრაინის გადარჩენა, რასაც ის გააკეთებს, აკეთებს და აკეთებდა - არამედ აყვავება“, განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
ბლინკენის თქმით, „განსხვავება გადარჩენას და აყვავებას შორის, არის ის განსხვავება, რომელიც უკრაინას აქვს მომავლის ძლიერი, უნარიანი სამხედრო ძალის სახით, რომელსაც აგრესიის შეკავება შეუძლია და საჭიროების შემთხვევაში, მისგან თავდაცვის და მომავალში მისი დამარცხების უნარი აქვს. მაგრამ, ასევე მნიშვნელოვანია ძლიერი და აყვავებული ეკონომიკა - რომელიც ქმნის შესაძლებლობებს უკრაინელებისთვის და ასევე მჯერა, შესაძლებლობებს ხალხისთვის ევროპაში და მსოფლიოში, მათ შორის შეერთებულ შტატებში".
„როდესაც ახლა უკრაინას ვუყურებ, ვხედავ სამ რამეს“, თქვა უკრაინის ეკონომიკის აღდგენის საკითხებში შეერთებული შტატების საგანგებო წარმომადგენელმა პენი პრიცკერმა.
მისი თქმით, პირველი არის ის, რომ "რუსეთის აგრესიული ომის დროსაც კი, და რა თქმა უნდა, ამ ომში რუსეთის დამარცხების შემდეგ, უკრაინას ევროპასთან ეკონომიკური შერწყმის პირობები აქვს - განათლებული და ნიჭიერი მუშახელი, ნაყოფიერი მიწა, მინერალები, სამთო მოპოვება და მატერიალური დოვლათი, [და] ერთიან ევროპულ ბაზართან სიახლოვე და წვდომა“.
„ეს ზრდისთვის საჭირო შემადგენელი ნაწილებია. ახლაც კი ისინი არსებობს და აქ არის“, აღნიშნა საგანგებო წარმომადგენელმა.
პრიცკერის თქმით, მეორე, "ეს არის რეფორმისთვის შესაძლებლობის ფანჯარა. უკრაინელი ხალხის ღრმა პატრიოტიზმი და ეროვნული თანხმობა გაერთიანებულია რეფორმის მიზნის უკან, რაც უკრაინას მომავალი ეკონომიკური წარმატებისთვის ხელსაყრელ პოზიციაში აყენებს“.
რაც შეეხება მესამეს, პრიცკერმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის ეკონომიკური აღდგენა სპრინტიც არის და მარათონიც.
„ჩვენ გვჭირდება გეგმა ხანგრძლივად სიცოცხლისუნარიანი, ციფრული, სუფთა, კონკურენტუნარიანი ევროპული უკრაინისთვის, რომელიც გლობალურ ბაზრებში იქნება ჩართული. ეს მარათონია... მაგრამ ჩვენ შედეგები ახლავე გვჭირდება, რათა აღდგენას ბიძგი მივცეთ და უკრაინელებს... შთავაგონოთ იმის რწმენა, დაბრუნდნენ შინ და მომავლის მშენებლობა დაიწყონ. ეს სპრინტია“.
„როგორც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კარგად შენიშნა“, განაცხადა საგანგებო წარმომადგენელმა, „ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ და მის გვერდით ვიქნებით, რათა დავეხმაროთ იმაში, რომ ეკონომიკა ამ საშინელი აგრესიის მძიმე შედეგების შემდეგაც ააშენონ".