Accessibility links

Breaking News

რატომ დატოვა რუსეთმა შავი ზღვის შეთანხმება


17 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოვიდა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის სახელით ცნობილი შეთანხმებიდან, რომელმაც უკრაინას საშუალება მისცა თავისი სოფლის მეურნეობის პროდუქცია შავი ზღვის პორტებიდან შეუფერხებლად გაეტანა. შეთანხმების ნაწილად, გაეროს ოფიციალური პირები დათანხმდნენ რუსეთს, მისი სურსათის და სასუქების ექსპორტში დახმარებოდნენ. თავისი გადაწყვეტილების გასამართლებლად, პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთმა თავისი დაპირება არ შეასრულა.

თუმცა, რუსეთის არგუმენტაციაში პრობლემაა, თქვა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების დეპარტამენტის უფროსმა ჯეიმს ობრაიენმა.

„რუსეთი მარცვლეულის რეკორდული რაოდენობით ექსპორტს აწარმოებს. გასულ წელს, რუსეთის მარცვლეულის ასოციაციამ თქვა, რომ მარცვლეულის ექსპორტმა 61.8 მილიონ ტონას მიაღწია, რაც მჯერა, ნებისმიერ წარსულ წელთან შედარებით 10-დან 15 პროცენტამდე უფრო მაღალი მაჩვენებელია. თუ საზომი დედამიწისთვის სურსათია, მაშინ პროცესი, რომელსაც რუსული ექსპორტის დასახმარებლად გაეროსთან და თურქეთთან ერთად წარვმართავთ - მუშაობს, და რუსეთის საჩივრები არის მცირე ბრალდებები სისტემაზე, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს".

ამასთან ერთად, „რუსეთი აკეთებს კომენტარებს სანქციების შესახებ,“ თქვა ელჩმა ობრაიენმა. „ხაზი უნდა გავუსვა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს რუსულ სურსათზე და სასუქებზე სანქციები არ აქვს“.

ასე რომ, სინამდვილეში რა ხდება? სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ „მიზანი სურსათის და სასუქის ხელმისაწვდომი რაოდენობის შემცირებაა, რათა ფასები გაიზარდოს და რუსეთმა ზოგიერთ მის მოთხოვნაზე ყურადღების მიპყრობას მიაღწიოს“.

გლობალურ ბაზარზე გარკვეული სახის მარცვლეულის დაახლოებით 10 პროცენტი უკრაინიდან შევიდა. მან ასევე მიაწოდა იმ სურსათის ნახევარი, რომლითაც მსოფლიო სურსათის პროგრამამ მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნები უზრუნველჰყო. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ის ექსპორტი შეჩერდა და ფასები გაიზარდა, თუმცა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ხელმოწერის შემდეგ, ფასები კვლავ შემცირდა. „ასე რომ, ასეთი იყო ვითარება, როდესაც რუსეთმა ორი რამის გაკეთება გადაწყვიტა“, თქვა ელჩმა ობრაიენმა და განმარტა:

„მან შეწყვიტა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა, უკრაინის პორტებიდან გადაზიდვების ბლოკადა გამოაცხადა, თქვა რომ უკრაინაში შემავალ ან იქიდან გამოსულ ნებისმიერ ხომალდს სამხედრო მოქმედების სუბიექტად ჩათვლის და სურსათის შესანახი ობიექტების დაბომბვა დაიწყო“.

„ასე რომ, რასაც რუსეთი აკეთებს, ამის შედეგი არ არის მხოლოდ სურსათის რაოდენობის შემცირება, არამედ ფასებიც მნიშვნელოვნად გაიზარდა“ თქვა ელჩმა ობრაიენმა. მიუხედავად ამისა, აღნიშნავს ის, „ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ უკრაინული მარცვლეული გლობალურ ბაზარს მიააღწევს. ამისთვის გარკვეული დრო დაგვჭირდება. ამას გარკვეული ხარჯები მოჰყვება, მაგრამ არ შეგვიძლია რუსეთს შავი ზღვის მოგუდვის უფლება მივცეთ“.

XS
SM
MD
LG