Accessibility links

Breaking News

უკრაინაში მსხვერპლზე პასუხისმგებელი რუსეთია


პოლიტიკური და მშვიდობისმყოფელი საქმეების საკითხში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე როზმარი დიკარლომ თქვა, რომ 2022 წლის თებერვლის შემდეგ, გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისმა უკრაინაში სამოქალაქო პირთა შორის 30 041 მსხვერპლი აღრიცხა. დაღუპულია 10 382 ადამიანი, მათ შორის 579 ბავშვია მოკლული.

განცხადება მან ცოტა ხნის წინ ჩატარებულ, გაეროს უშიშროების საბჭოს თათბირზე გააკეთა, რომელიც საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ მუქარებს მიეძღვნა და ცინიკურად, რუსეთის მიერ იყო მოწვეული. დიკარლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის რიცხვი დეკემბერში და იანვარში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

რობერტ ვუდმა, საგანგებო პოლიტიკურ საქმეებში შეერთებული შტატების ალტერნატიულმა წარმომადგენელმა, განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „ყველა დაღუპულ სამოქალაქო პირზე წუხს და ნებისმიერი მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის ოჯახს ღრმად გულწრფელ სამძიმარს უცხადებს“.

„მიუხედავად იმისა, რომ არის ბევრი რამ, რაც არ ვიცით, ჩვენ ვიცით ეს: კრემლს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა გამოუსწორებელ სიკვდილზე და ნგრევაზე, რაც უკრაინაში გაეროს ქარტიის დარღვევით, პუტინის აგრესიული ომის შედეგად მოხდა. რუსული ძალები მშვიდობიან მეზობელთან შეიჭრა და უკრაინის წინააღმდეგ თავის უწყვეტ თავდასხმებს აგრძელებს“,- თქვა მან.

ვუდის თქმით, გაეროს ადამიანის უფლებების მონიტორინგის მისიასთან და უკრაინის საკითხის გამომკვლევ საერთაშორისო დამოუკიდებელ კომისიასთან ასოცირებული გამომძიებლები აგრძელებენ თავის „გმირულ ძალისხმევას“, რათა აღნუსხონ და გამოიძიონ ადამიანის უფლებების ყველა სავარაუდო დარღვევა და შეურაცხყოფა ფრონტის ხაზთან და ყოფილ ოკუპირებულ ადგილებზე.

„ამ ანგარიშმა დაგვიხატა სამოქალაქო მოსახლეობის ტანჯვის, ბუჩაში და ბევრ სხვა ადგილზე, რუსული ძალების ენით აღუწერელი სიმხეცის სასტიკი, სისხლით გაჟღენთილი სურათი“,- განაცხადა მან.

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს“, თქვა ელჩმა, „რომ ეს ომი მხოლოდ რუსეთმა დაიწყო და უკრაინის წინააღმდეგ მისი აგრესია გაეროს ქარტიის და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს“.

„ახლაც კი, როდესაც აქ ვზივართ, რუსეთი აგრძელებს საერთაშორისო კანონის აბუჩად აგდებას, აგრძელებს რა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიმართ გაეროს იარაღის ემბარგოს დარღვევებს“, თქვა მან. „რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ პასუხი უნდა აგონ თავის ქმედებებზე, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამის, ხანგრძლივად არსებულ ვალდებულებებს ძირს უთხრის“.

ვუდის თქმით, „რუსეთი ამ ომში ერთადერთი აგრესორია და ართადერთია, ვისაც ომის დამთავრება დღესვე შეუძლია“.

შეერთებული შტატები, განაცხადა მან, „ანახლებს რუსეთისადმი ჩვენს მოწოდებას, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან, შეწყვიტოს ჩრდილოეთ კორეიდან იარაღის და მასალების შეძენა და როგორც ამ საბჭოს წევრმა, თავისი ვალდებულებები შეასრულოს“.

XS
SM
MD
LG