„2024 წელს ჩვენ განვაგრძობთ მათთან მხარდამხარ დგომას, ვინც იზიარებს თავსუფალი, ღია, კეთილდღეობის მქონე და უსაფრთხო მსოფლიოს შესახებ ჩვენს ხედვას“, - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.
„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ განვაგრძობთ მთელ მსოფლიოში უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად ქვეყნების მობილიზებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთის აგრესია სტრატეგიულ მარცხად დარჩეს“, - თქვა სახელმწიფო მდივანმა.
„რუსეთი [ახლა] არის სამხედრო, ეკონომიკური და დიპლომატიური კუთხით უფრო სუსტი. ნატო არის იმაზე უფრო დიდი, ძლიერი და ერთიანი, ვიდრე თითქმის 75-წლიანი ისტორიის განმავლობაში, რომელიმე ეტაპზე ყოფილა. ამ წელს, ჩვენ დაგვემატა 31-ე წევრი - ფინეთი. შვედეთი ალიანსს მალე შეუერთდება და შეგვმატებს კიდევ უფრო მეტ პოტენციალსა და შესაძლებლობებს ჩვენი თავდაცვითი ალიანსისთვის“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივნის თქმით, კიდევ ერთი პრიორიტეტი 2024 წლისთვის, იქნება ჩინეთთან ჩართულობის გაგრძელება, ძლიერი პოზიციიდან.
„ჩვენ ვაღრმავებთ თანამშრომლობასა და კოორდინაციას ნატოსა და ჩვენს -ინდოეთ-წყნარი ოკეანის აუზის მოკავშირე ქეყნებთან. ამ ძალისხმევამ ჩვენ საშუალება მოგვცა უფრო ეფექტიანად ჩავრთულიყავით ჩვენი შეშფოთების სამიზნე მიმართულებებით, როგორიცაა მაგალითად ჩინეთის მავნებლური სავაჭრო და ეკონომიკური პრაქტიკა, მშვიდობა და სტაბილურობა ტაივანის სრუტესა და აღმოსავლეთ და სამხრეთის ზღვებში, ასევე ადამიანის უფლებები.
მესამეც, ბლინკენის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მოწადინებულია იმუშაოს სხვებთანაც ჩვენი ხალხის და მთელი მსოფლიოს ხალხების კეთილდღეობისთვის:
„ესაა ზუსტად ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ 2023 წელს, ორგანიზება მთავრობების, ბიზნესების, სამოქალაქო საზოგადოებების, რეგიონული და მრავალმხრივი ინსტიტუციების, რათა გავმკლავებოდით სურსათის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემას; ხელოვნური ინტელექტის დაცული, უსაფრთხო და სანდო სისტემების წახალისებისთვის; სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალებების კრიზისთან საბრძოლველად; იმ მთავრობების სასტიკი ქმედებების შეჩერების მიზნით, რომლებიც შერჩევითი მანიპულაციის შესაძლებლობის ქონის გამო, აპატიმრებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს; ასობით მილიარდი დოლარის მობილიზაციისთვის ფიზიკური, ციფრული და სუფთა ენერგიის და ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად განვითარებად ქვეყნებში“.
რაც შეეხება კონფლიქტს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ყურადღების ცენტრშია „ისრაელის დახმარებაა იმის უზრუნველსაყოფად, რომ რაც 7 ოქტომბერს მოხდა, ამის განმეორება აღარასდროს გახდეს შესაძლებელი, დასრულდეს კონფლიქტი იმდენად სწრაფად, რამდენადაც ეს შესაძლებელია და ამასობაში, მინიმუმზე დავიდეს სამოქალაქო პირების სიკვდილი და ტანჯვა, გათავისუფლდნენ და შინ, ოჯახებში დაბრუნდნენ დანარჩენი მძევლები, კონფლიქტი არ გაფართოვდეს და ერთხელ და სამუდამოდ გაწყდეს ძალადობის ეს გამანადგურებელი ციკლი და შესაძლებელი გახდეს განგრძობითი, მტკიცე მშვიდობისკენ დაწინაურება“.
ამერიკის შეერთებული შტატები 2024 წლის გამოწვევებთან გასამკლავებლად, მისი ალიანსებისა და პარტნიორობების ქსელის გაძლიერებას მოელის.