თუკი შესაძლებელია ერთი ნათელი დასკვნის გამოტანა ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ახლანდელი შეხვედრიდან, რომელიც ბელგიაში, ბრიუსელში შედგა, ეს ის არის, რომ ალიანსის უკრაინისადმი მხარდაჭერა და ერთგულება სიცოცხლისუნარიანია, - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
„ზოგიერთს კითხვა უჩნდება, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ნატოელმა მოკავშირეებმა უნდა გააგრძელონ თუ არა უკრაინის გვერდში დგომა, როდესაც პუტინის სასტიკი ომის მეორე ზამთარი იწყება. მაგრამ, დღეს ნატოში პასუხი ნათელი და მტკიცეა: ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთის აგრესიული ომი სტრატეგიულ წარუმატებლობად დარჩეს, დღეს ისევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც ეს თითქმის ორი წლის წინ იყო, როდესაც კრემლმა ეს ომი წამოიწყო“, - თქვა მან.
„მე არ მსმენია გადაღლის, ან უკანდახევის შესახებ. პირიქით, წინსვლის მტკიცე ნებაა“, - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა. მისი თქმით, „ამას კარგი მიზეზი აქვს. ვფიქრობ, ყველა მოკავშირე აღიარებს, რომ ეს არა მხოლოდ სწორი საქმის კეთებაა, ეს საკუთარ ინტერესებშიც, მათ შორის შეერთებული შტატების ინტერესებშიც შედის“.
„[თუ] ჩვენ ნებას მივცემთ ისეთ ქვეყანას, როგორიც რუსეთია, დაუსჯელად სხვა ქვეყნის საზღვრები ძალით შეცვალოს, სცადოს სხვა ქვეყნის მომავალი გადაწყვიტოს და უკარნახოს, თუ ეს დაუსჯელად მოხდება, მაშინ სეზონი გახსნილად გამოცხადდება და სავარაუდოდ ამით ყველა პოტენციური აგრესორი, ყველგან გაკვეთილს მიიღებს. ჩვენთვის, და ასევე ამ მაგიდის გარშემო შეკრებილი ყველა ქვეყნისთვის, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, უკრაინის გვერდზე და მისთვის მტკიცედ დავდგეთ“, თქვა მან.
50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის ნატოს წევრების უმეტესობამ ვალდებულება იკისრა იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინას „გააჩნდეს რაც საჭიროა არა მხოლოდ რუსეთის მიმდინარე აგრესიისგან თავდასაცავად, არამედ დაეხმარონ მას, მიეცეს შესაძლებლობა დაიბრუნოს ტერიტორია, რომელიც რუსეთმა მისგან მიიტაცა“, - ხაზი გაუსვა ბლინკენმა.
„ასევე არის - და ვფიქრობ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია - ვალდებულება ბევრი ქვეყნის მხრიდან, დაეხმარონ უკრაინას შექმნას მომავლის შეიარაღებული ძალა, რომელიც უზრუნველყოფს აგრესიის თავიდან აცილებას და მისგან თავდაცვას“, - თქვა მან.
რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი ფიქრობს, რომ მას როგორღაც უკრაინაზე, მის ხალხზე და მის მხარდამჭერებზე მეტი გამძლეობა აქვს, თქვა სახელმწიფო მდივანმა. „[ნატოს] ალიანსის მუშაობა, ცალკეული ქვეყნების მუშაობა, რომლებიც ამ ალიანსის ნაწილი არიან, ასევე მსოფლიოს ბევრი სხვა ქვეყნის მუშაობა უკრაინის მხარდასაჭერად, თავდაცვაში დასახმარებლად და ასევე მომავლის მოსაწყობად, არის ის ერთი, ყველაზე ეფექტური გზა იმისთვის, რომ პუტინი ამ ძალიან არასწორი იდეის ილუზიისგან გათავისუფლდეს.