Accessibility links

Breaking News

ჰუმანურობის და დემოკრატიისთვის ბრძოლა ისრაელსა და უკრაინაში


პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ერს მიმართავს. ვაშინგტონი, აშშ. 19 ოქტომბერი, 2023 წ.
პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ერს მიმართავს. ვაშინგტონი, აშშ. 19 ოქტომბერი, 2023 წ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკელ ხალხს იმავე საღამოს მიმართა, როცა ის ისრაელიდან დაბრუნდა. დაჯგუფება „ჰამასის“ საშინელმა თავდასხმამ იქ 1 400-მდე ადამიანი იმსხვერპლა და 200-ზე მეტი დღემდე მძევლადაა აყვანილი.

პრეზიდენტის თქმით, „ჰამასის“ აღვირახსნილი, „წმინდა წყლის ბოროტება“ ერთგვარი ექოა უკრაინაში მიმდინარე ომის, რომელმაც „თითქმის 20 თვის განმავლობაში უკრაინელ ხალხს ტრაგედია და სისასტიკე დაატეხა თავს. ხალხს, - რომელმაც ყველაზე დიდი ტკივილი იწვნია მას შემდეგ, რაც [რუსეთის პრეზიდენტი - ვლადიმირ] პუტინი თავს დაესხა უკრაინას“ და იქ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო".

დაჯგუფება „ჰამასი“ და რუსეთის პრეზიდენტი განსხვავებულ საფრთხეებს წარმოადგენენ, „მაგრამ მათ ერთი რამ აქვთ საერთო: ორივეს სურვილია მეზობელი დემოკრატიის სრული განადგურება, მისი მთლიანად ამოძირკვა“ - თქვა მან.

პრეზიდენტი ბაიდენი აღნიშნავს, რომ „ჰამასის“ არსებობის გაცხადებული მიზანი არის ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და ებრაელი ხალხის მოკვლა. „ჰამასი“ არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს. „ჰამასი“ პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს და უდანაშაულო პალესტინელი ოჯახები მათ გამო ძალზე იტანჯებიან“ - ამბობს ის.

ამასობაში კი პუტინი, ბაიდენის თქმით, პასუხისმგებელია უკრაინელთა მასობრივ საფლავებზე და ათასობით უკრაინელი ბავშვის საკუთარი ოჯახებისგან იძულებით დაცილებაზე. რუსეთის პრეზიდენტი არ აღიარებს უკრაინის რეალურ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას არც ახლა და არც როდესმე, მთელი მისი ისტორიის მანძილზე.

„იმაში დარწმუნება, რომ ისრაელი და უკრაინა წარმატებას მიაღწევს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის“ - აცხადებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

ბაიდენის თქმით, „ისტორიამ გვასწავლა, რომ როცა ტერორისტები საკუთარი ტერორისთვის საზღაურს არ იხდიან, როცა დიქტატორებს არ უწევთ აგრესიისთვის საფასურის გაღება, მათ მეტი ქაოსი, სიკვდილი და დესტრუქცია მოაქვთ. ისინი ჩვეულებრივ აგრძელებენ და საფრთხეებიც ამერიკის და მთელი მსოფლიოსთვის კვლავ იზრდება“.

ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „ამერიკული ლიდერობის“ სტილია ის, რაც დღეს სამყაროს მტკიცედ ყოფნას უზრუნველყოფს. „ამერიკის ალიანსებია ის, რაც ჩვენ, ამერიკას, უსაფრთხოდ გვამყოფებს. ამერიკული ფასეულობებია ის, რაც ჩვენ ისეთ პარტნიორად გვხდის, რომელთანაც სხვა ქვეყნებს მუშაობა სურთ. ამ ყველაფრის საფრთხის ქვეშ დაყენება, თუკი ჩვენ დავშორდებით უკრაინას, თუ ზურგს ვაქცევთ ისრაელს, უბრალოდ არ ღირს“.

ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საჭიროებების დასაფინანსებლად და მისი კრიტიკული პარტნიორების, მათ შორის ისრაელის და უკრაინის მხარდასაჭერად, პრეზიდენტი კონგრესს საგანგებო ბიუჯეტის დამტკიცების მოთხოვნას უგზავნის.

„ჩვენ არ შეგვიძლია და არ დავუშვებთ ისეთი ტერორისტების გამარჯვებას, როგორიცაა „ჰამასი“ და ისეთი ტირანების, როგორიცაა პუტინი“ - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა. ”მე უარს ვამბობ იმაზე, რომ ეს დავუშვა“.

XS
SM
MD
LG