6 მარტს, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ოდესაში საცხოვრებელი კორპუსის დათვალიერებას ასრულებდნენ, სადაც რუსეთის რაკეტით ცოტა ხნის წინ მომხდარმა თავდასხმამ 12 ადამიანი მოკლა, ორი ლიდერისგან სულ რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით, რუსეთის კიდევ ერთი რაკეტა აფეთქდა. შედეგად, ხუთი უკრაინელი დაიღუპა.
„6 მარტს, საპორტო ქალაქ ოდესის წინააღმდეგ რუსეთის დარტყმები იყო კიდევ ერთი ძლიერი შეხსენება, თუ როგორ ახდენს რუსეთი უკრაინის ხალხის და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ყოველდღიურ, დამანგრეველ თვდასხმებს“,- თქვა რობერტ ვუდმა. ის გაეროში სპეციალურ პოლიტიკურ საქმეებში შეერთებული შტატების ალტერნატიული წარმომადგენელია.
ვუდის თქმით, „რუსეთის მცდელობა, გაამართლოს გაუმართლებელი, დღეს მარტივ ფაქტებს არ ცვლის: იმას, რომ რუსეთი გაეროს სხვა წევრის, სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ ქარტიის დარღვევით აგრესიულ ომს აგრძელებს; იმას, რომ უკრაინას არ დასჭირდება თხოვნა, ამ საბჭოს საგანგებო შეკრებათა თაობაზე, თუ რუსეთი თავის აგრესიას შეწყვეტს; რომ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას ყოველდღიურად უწევს თვალი გაუსწოროს სიკვდილს და ნგრევას იმის გამო, რომ კრემლი მათი ქვეყნის დაპყრობას და დამორჩილებას ცდილობს“.
„არ უნდა დავივიწყოთ, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაში საკუთრი მონაწილეობა შეაჩერა და სურსათის მხრივ მსოფლიოს ყველაზე მოწყვლადი ქვეყნები უკრაინული მარცვლეულის გარეშე დატოვა, კრემლი ამაზე არ გაჩერებულა. მან ოდესის პორტებზე, ინფრასტრუქტურაზე და მარცვლეულის საცავებზე მეტი თავდასხმა დაიწყო“, - აღნიშნა შეერთებული შტატების ელჩმა. მისი თქმით, ეს თავდასხმები არა მხოლოდ სასტიკი იყო, ეს იყო უკრაინის ეკონომიკის გაცამტვერების კამპანიის ნაწილი მას შემდეგ, რაც [რუსეთმა] მისი სამხედრო ძალის დამარცხება ვერ შეძლო“.
რობერტ ვუდის განცხადების მიხედვით, „იმ თავდასხმებით რუსეთმა 300 000 ტონაზე მეტი მარცვლეული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საცავები გაანადგურა. უკრაინამ პასუხი გამძლეობით და გამომგონებლობით გასცა, გახსნა რა ჰუმანიტარული დერეფანი, რომელმაც უკრაინის ექსპორტის მონაცემები ისეთ მაჩვენებლებზე დააბრუნა, როგორიც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისიდან არ ყოფილა“.
„რუსეთი თავს არა მხოლოდ სურსათის ინფრასტრუქტურას, არამედ ენერგო-ინფრასტრუქტურასაც ესხმის“, თქვა ელჩმა და დასძინა: "ყოველ ნაბიჯზე კრემლი ომის და ესკალაციის გზას ირჩევს“.
„ის კიდევ უფრო აძლიერებს ბირთვული იარაღის ხმას და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევით, ჩრდილოეთ კორეისგან ბალისტიკურ რაკეტებსა და სხვა საბრძოლო მასალას მოურიდებლად იძენს“.
„შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას და ანგარიშვალდებულებისკენ მოწოდებას“, თქვა რობერტ ვუდმა. „წინ მიმავალი გზა ნათელია. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმები და უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან თავისი ძალები დაუყოვნებლივ და სრულად უნდა გაიყვანოს“.