უკანონოდ დაპატიმრებული რუსი დისიდენტის, ალექსეი ნავალნის სიკვდილის კვალდაკვალ და რუსეთის უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავის წინა დღეს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ რუსეთს 500-ზე მეტ ახალ სანქციას უწესებს, რითიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე წნეხს ზრდის.
სანქციებთან ერთად, შეერთებული შტატები დაახლოებით 100 სუბიექტს ექსპორტზე შეზღუდვებს უწესებს, „რუსეთის ომის მანქანისთვის შემოვლითი გზით მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს, რათა ენერგომატარებლებისგან რუსეთის შემოსავალი კიდევ უფრო შევამციროთ. ჩემს გუნდს მივუთითე, რომ უნდა გაძლიერდეს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის და მათი მხარდაჭერა, ვინც მსოფლიოში დემოკრატიისთვის იბრძვის“, თქვა ბაიდენმა თავის წერილობით განცხადებაში.
„ათი წლის წინ პუტინმა ყირიმის ოკუპაცია მოახდინა და უკრაინის ლუჰანსკის და დონეცკის რეგიონებში მარიონეტი რეჟიმები შექმნა. ორი წლის წინ უკრაინის რუკიდან გაქრობა სცადა. თუ პუტინი მისგან გამოწვეული სიკვდილის და ნგრევისთვის საფასურს არ გადაიხდის, ის ამას გააგრძელებს. შეერთებული შტატებისთვის - ნატოელ მოკავშირეებთან და ევროპაში და მთელ მსოფლიოში მოკავშირეებთან ერთად - ხარჯები გაიზრდება“, აცხადებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი და დასძენს:
„ამ სანქციების სამიზნე იქნებიან ნავალნის პატიმრობასთან დაკავშირებული პირები და ასევე რუსეთი ფინანსური სექტორი, თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა, მომარაგების ქსელები და სანქციების თავიდან ამრიდებლები სხვადასხვა კონტინენტზე. ეს უზრუნველჰყოფს იმას, რომ პუტინმა თავისი აგრესიისთვის საზღვარგარეთ და შინ რეპრესიებისთვის, კიდევ უფრო მაღალი საფასური გადაიხადოს“.
სანქციები, რომლებსაც ხაზინის დეპარტამენტი და სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენენ, სანქციების ყველაზე დიდი ერთიანი ტრანში იქნება მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„ისტორია თვალს გვადევნებს“, თქვა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. „ამ გადამწყვეტ დროს, უკრაინისთვის მხარდაჭერის არგაწევა დავიწყებას არ მიეცემა. ჩვენთვის ახლა არის დრო, უკრაინის გვერდით მტკიცედ დავდგეთ და მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთობა შევინარჩუნოთ. ახლა არის დრო დავამტკიცოთ, რომ შეერთებული შტატები თავისუფლებას დაიცავს და ქედს არავის მოუხრის".