Accessibility links

Breaking News

შეერთებულ შტატებს რუსი დისიდენტის, ალექსეი ნავალნის გაუჩინარება აშფოთებს


სანქტ-პეტერბურგში კედლიდან შლიან ალექსეი ნავალნის პორტრეტს, რომელზეც წარწერაა: "ახალი დროების გმირი". რუსეთი, 2021 წ.
სანქტ-პეტერბურგში კედლიდან შლიან ალექსეი ნავალნის პორტრეტს, რომელზეც წარწერაა: "ახალი დროების გმირი". რუსეთი, 2021 წ.

ამერიკის შეერთებული შტატები "ღრმად არის შეშფოთებული" რუსი დისიდენტის და პოლიტპატიმრის, ალექსეი ნავალნის გაუჩინარების გამო. 11 დეკემბერს ნავალნის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ მისი ადვოკატები უკვე დღეებია ვერ ახერხებენ მასთან დაკავშირებას და რომ ნავალნი არც წინასწარ დაგეგმილ სასამართლო პროცესზე გამოცხადდა, რაც ვიდეოზარის საშუალებით უნდა მომხდარიყო.

ნავალნი რუსეთის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის ყველაზე ცნობილი კრიტიკოსი და პოლიტიკური ოპონენტია, ის რუსეთში წამყვანი ანტიკორუფციული კამპანიის მოთავეცაა. ხელისუფლების მხრიდან ათწლიანი შევიწროების შემდეგ, 2020 წელს ნავალნი რუსეთში მკვლელობის მცდელობას გადაურჩა. მასზე იერიში ქიმიური აგენტით, „ნოვიჩოკით“ მიიტანეს და მოწამლეს. გერმანიაში გამოჯანმრთელების შემდეგ, ის დაჟინებით მოითხოვდა რუსეთში დაბრუნებას, სადაც ჩასვლისთანავე დააკავეს და ყალბი, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით პატიმრობა მიუსაჯეს.

2023 წლის აგვისტოში, ნავალნის ექსტრემიზმის ბრალდებით, დამატებით 19 წელი მიუსაჯეს. ის ვადას მოსკოვის აღმოსავლეთით მდებარე ციხეში იხდიდა, უკიდურესად მძიმე პირობებში, მათ შორის - სამარტოო პატიმრობის საკანში ხანგრძლივი ყოფნით. მის ადვოკატებს საბოლოოდ შეატყობინეს, რომ ნავალნი ციხეში აღარ იმყოფებოდა, მაგრამ ხელისუფლებამ უარი თქვა დაესახელებინა ადგილი, თუ სად გადაიყვანეს პატიმარი.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეერთებული შტატები "ღრმადაა შეშფოთებული" ნავალნის მდგომარეობით.

„ჩვენ მივუთითეთ რუსეთის მთავრობას, რომ ისინი პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რაც ბატონ ნავალნის მოუვა“, - თქვა მან. „ჩვენ არაერთხელ შევუერთდით ბატონ ნავალნის ოჯახს, მის კოლეგებს, [და] მხარდამჭერებს მთელ მსოფლიოში, რათა მოვუწოდოთ მისი უპირობოდ, დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. და რუსეთის მთავრობამ უნდა შეწყვიტოს რუსეთში დამოუკიდებელი ხმების მუდმივად ჩახშობა, მათი დაუნდობელი შევიწროება და დაშინება საკუთარი ადამიანის უფლებების გამოყენების გამო“.

ამ წლის დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა მწუხარება გამოთქვა რუსეთში „500-ზე მეტ პოლიტიკურ პატიმართან“ დაკავშირებით. მილერის თქმით, შეერთებული შტატები „გააგრძელებს ყველა იმ ადამიანის საქმეზე თვალ-ყურის მიდევნებას, რომლებიც რუსეთში უკანონოდ დააკავეს“.

XS
SM
MD
LG