ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის მთავრობის ოფიცრებმა სცადეს დემოკრატიული ოპოზიციური ლიდერი ალექსი ნავალნი, რუსეთში ნერვული აგენტი „ნოვიჩოკით“ მოეკლათ. მაშინ ნავალნი შეუნიღბავ თავდასხმას გადაურჩა და საზღვარგარეთ გამოჯანმრთელების შემდეგ, რუსეთში მამაცად დაბრუნდა. კრემლმა ის უსირცხვილოდ, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით, ციხეში გაუშვა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ნედ პრაისმა კიდევ ერთხელ „დაგმო რუსეთის მიერ პოლიტიკური მოწინააღმდეგის მოსაწამლად ქიმიური იარაღის გამოყენება და კრემლს მოუწოდა საკუთარი ქიმიური იარაღის პროგრამა სრულად გამოამჟღავნოს და დაშალოს". შეერთებული შტატები უერთდება ნავალნის ოჯახს, კოლეგებს და მთელ მსოფლიოში მის მხარდამჭერებს მოწოდებაში, რომ ის დაუყოვნებლად გაათავისუფლონ.
სხვა რუს აქტივისტებსაც მსგავსი ბედი ეწია. აპრილში, რუსეთის ხელისუფლებამ ვლადიმირ კარა-მურზა, დემოკრატიის დამცველი და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კრიტიკოსი, მოსკოვში, საკუთარ ბინასთან, ქუჩაში დააპატიმრა. გამოგონილი ადმინისტრაციული დარღვევის საბაბით დაკავების დროს, მას დამატებით რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ „შეგნებულად ყალბი ინფორმაციის გავრცელება“ დააბრალეს. კარა-მურზა ამჟამად წინასწარ პატიმრობაშია და დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კრემლი კარა-მურზას დევნის. ის ორჯერ, 2015 და 2017 წლებში მოწამლეს და კომაშიც კი აღმოჩნდა. მისი სიცოცხლის ხელყოფის ეს მცდელობები ფართოდ იქნა აღქმული, როგორც რუსეთის მთავრობის მიერ სამაგიეროს გადახდა ამერიკაში მაგნიტსკის აქტზე მისი მუშაობის გამო, რომელმაც ადამიანის უფლებების რუს დამრღვევებს მიზნობრივი სანქციები დაუწესა.
უკრაინაზე მორიგი სრულმასშტაბიანი თავდასხმის დაწყებისთანავე, კრემლმა რუსეთში განსხვავებული აზრის და თავისუფალი მედიის დევნა გააძლიერა, მათ შორის - ფართომასშტაბიანი ცენზურის კანონების მეშვეობით, რომელიც მკაცრ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კრემლს სურს, რომ რუსეთის ხალხმა ვერ გაიგოს მისი ძალების მიერ უკრაინელი სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი სისასტიკის შესახებ და ასევე ვერ შეიტყოს ამ უსამართლო ომში რუსი სამხედროების არასაჭირო მსხვერპლის დიდი რიცხვის შესახებ.
ნედ პრაისმა კიდევ ერთხელ დაადასტურა „ალექსი ნავალნისთან, ვლადიმირ კარა-მურზასთან და რუსეთში სხვა პოლიტიკურ პატიმრებთან და ასევე ათასობით სხვა მამაც რუს მოქალაქესთან სოლიდარობა, რომლებიც პირადი რისკის მიუხედავად, კრემლის სიცრუეს სიმართლით უპირისპირდებიან.