Accessibility links

Breaking News

Შეერთებული შტატები გმობს ნავალნის მეორე განაჩენს


ალექსეი ნავალნის სასამართლოს ვიდეოტრანსლიაციის კადრი. 22 მარტი, 2022 წ.

Რუსული ოპოზიციის ლიდერ ალექსი ნავალნის, 22 მარტს მკაცრი რეჟიმის ციხეში დამატებით 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. Სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ნედ პრაისმა “დამატებითი ცრუ ბრალდებებით ნავალნის პოლიტიკურად მოტივირებული მსჯავრდება და განაჩენი” დაგმო. Შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ფედერაციას არაერთხელ დაჟინებით მოუწოდა ალექსი ნავალნი დაუყოვნებლად და უპირობოდ გაეთავისუფლებინა და მისი ორგანიზაციის და თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართული კამპანია შეეწყვიტა. გადაჭარბებული ვადით პატიმრობა კრემლის მხრიდან წლების განმავლობაში მიმდინარე თავდასხმის გაგრძელებაა, რომელიც მიმართული იყო ალექსეი ნავალნის და მისი მოძრაობის წინააღმდეგ, რომლითაც ოპოზიციონერი რუსეთის მთავრობის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას ითხოვდა.

2020 წელს, რუსეთის უშიშროების სამსახურების ხელით, ნავალნი ქიმიური ნერვული აგენტით “ნოვიჩოკი” თითქმის სასიკვდილოდ მოწამლეს. გერმანიაში სიცოცხლის მხსნელი მკურნალობის შემდეგ, 2021 წლის იანვარში ის რუსეთში დაბრუნდა. ნავალნი მაშინვე დააკავეს და ციხეში ჩასვეს. ოპოზიციონერმა კრემლის მიერ რუსეთში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის და რუსეთის მოქალაქეებისთვის ინფორმაციაზე წვდომის, ერთმანეთთან და გარე სამყაროსთან თავისუფალი კომუნიკაციის შესაძლებლობის მზარდი შეზღუდვების წინააღმდეგ ხმამაღლა ლაპარაკი გააგრძელა.

ეს კამპანია უფრო გაძლიერდა იმ დროს, როდესაც კრემლი ცდილობს საკუთარ ხალხს უკრაინის წინააღმდეგ წარმართული სასტიკი ომის შესახებ სიმართლე დაუმალოს. 24 თებერვლის შემდეგ, ომის საწინააღმდეგო პროტესტებში მონაწილეობისთვის 15 000-ზე მეტი რუსი მოქალაქე დააკავეს. Რუსეთის კომუნიკაციების უწყებამ, ახალი ამბების დამოუკიდებელი გამოცემების უმეტესობაზე და სოციალური მედიის რამდენიმე პლატფორმაზე წვდომა დაბლოკა, ჟურნალისტებს და მოქალაქეებს ციხეში პატიმრობით დაემუქრა, თუ ვინმე უკრაინის წინააღმდეგ ომზე ღიად მსჯელობას გაბედავს.

“ტვიტერზე” გაზიარებულ შეტყობინებაში, ნავალნიმ თავისი მხარდამჭერების მიმართ მადლიერება გამოხატა და დაამატა: “ჩემი და სხვა პოლიტიკური პატიმრების საუკეთესო მხარდაჭერა არა თანაგრძნობა და კეთილი სიტყვები, არამედ მოქმედებაა - Პუტინის მატყუარა და ქურდბაცაცა რეჟიმის წინააღმდეგ ნებისმიერი მოქმედება. ამ ომის დამნაშავეებთან ნებისმიერი დაპირისპირება“.

Სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ნედ პრაისმა თქვა: “სამწუხაროდ, ნავალნის საქმე ერთ-ერთია იმ ბევრი საქმიდან, რომლის განხორციელებასაც კრემლი უსირცხვილოდ აგრძელებს, სისტემატურად უგულებელყოფს რა რუსი ხალხის კონსტიტუციურ უფლებებს და საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს, პატივი სცეს და უზრუნველყოს ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები”.

“ახლა მეტად, ვიდრე ოდესმე,” თქვა პრესმდივანმა პრაისმა, “რუსეთის ხალხს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოისმინოს გაბედული და პატიოსანი ხმები, რომლებიც შინ და გარეთ კრემლის დანაშაულებზე სიმართლეს ამბობენ”.

XS
SM
MD
LG