Accessibility links

Breaking News

რუსეთმა უნდა უპასუხოს ნავალნიზე დასმულ კითხვებს


ალექსეი ნავალნი

45 ქვეყანა, რომელთა შორის შეერთებული შტატებიც არის, ითხოვს პასუხს კრემლის დისიდენტის, ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით.

2020 წლის აგვისტოში, ციმბირში მოგზაურობის დროს, ნავალნი მოკვლის მცდელობას გადაურჩა. გერმანიაში ჩატარებული მკურნალობის შემდეგ, ნავალნი რუსეთში დაბრუნდა, სადაც ის დააკავეს, ყალბი ბრალდებით გაასამართლეს და დააპატიმრეს. შეერთებული შტატების შეფასებით, ნავალნი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) აგენტებმა მოწამლეს, რისთვისაც „ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტი იქნა გამოყენებული.

ნავალნის მოკვლის მცდელობასთან დაკავშირებით, ჰააგაში რუსეთის ფედერაციის მიმართ 45 ქვეყნის მიერ შედგენილი კითხვარია წარდგენილი. კითხვების გადაცემა დაემთხვა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) აღმასრულებელი საბჭოს შეხვედრას. 41-წევრიანი ორგანიზაციის მოვალეობაა შეიმუშაოს პოლიტიკა და დააწინაუროს ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ეფექტური დანერგვა.

როგორც კონვენციის მონაწილე ქვეყანას, რუსეთს ევალება პასუხები 10 დღის განმავლობაში წარმოადგინოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა დეტალურად აღწეროს ის ნაბიჯები, რაც გადაიდგა საქმის გამოძიების მიმართულებით, რათა ნათელი მოეფინოს ქიმიური იარაღის გამოყენებას მის ტერიტორიაზე“ - ნათქვამია 45 სახელმწიფოს ერთობლივ განცხადებაში.

ცალკე გაკეთებულ განცხადებაში, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს: „ამერიკის შეერთებული შტატები და საერთაშორისო საზოგადოების ბევრი წარმომადგენელი, დიდი ხანია ითხოვს, რომ ნათელი მოეფინოს 2020 წლის 20 აგვისტოს, ქიმიური იარაღით რუსეთის მხრიდან ბატონი ნავალნის მოკვლის მცდელობის საკითხს და აპირებს თუ არა ის [რუსეთი] ითანამშრომლოს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან. რუსეთის მხრიდან მოწამვლის თაობაზე გამჭვირვალობის და OPCW-სთან თანამშრომლობის ნაკლებობა, განსაკუთრებით შემაშფოთებელია“.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, „მიუღებელია ქიმიური იარაღის ნებისმიერი სახით გამოყენება და ნებისმიერი მხარე, რომელიც მას იყენებს, ამოცნობილ უნდა იქნას და მას პასუხი უნდა მოეთხოვოს“. შეერთებული შტატების საგარეო უწყება ასევე აღნიშნავს, რომ „შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, პასუხი გასცეს დასმულ კითხვებს, საკუთარი ვალდებულებების შესაბამისად და საერთაშორისო საზოგადოებას გარკვევით განუცხადოს, თუ რა გააკეთა იმისთვის, რომ მოხდეს რუსეთის ტერიტორიიდან ქიმიური იარაღის შემდგომი გამოყენების შეჩერების უზრუნველყოფა“.

XS
SM
MD
LG