სამანტა პაუერი - შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID ) ადმინისტრატორი ოქტომბერში უკრაინელ ბიზნესმენთა ჯგუფს შეხვდა. მათი შეხვედრა “აი-თი კლასტერის” სახელით ცნობილ, უკრაინის ქ. ლვივის ინოვაციების ცენტრში გაიმართა, რომელსაც მხარს უკრაინის მთავრობა და USAID უჭერენ.
„მართლაც ამაღელვებელია იმის ხილვა, რისი მოწმენიც ლვივის “აი-თი კლასტერში” გავხდით, და ეს არის უკრაინის ეკონომიკის დივერსიფიკაცია“, - თქვა პაუერმა. „ჩემი აზრით, საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების მიმართულებით, ექსპორტის სტაბილური ზრდა მიანიშნებს იმაზე, თუ როგორი მომავალი შეიძლება გააჩნდეს უკრაინას”.
USAID-ის ადმინისტრატორმა კომპანიებს შორის გამოყო “კნოპკის” ინოვაცია და წარმატება, რომელიც უკრაინის “აი-თი კლასტერის” წევრია. მის მიერ შექმნილმა სამედიცინო განგაშის სისტემამ ამ სფეროში გარდატეხა შეიტანა, რადგან ის ენერგიის გამორთვის შემთხვევაშიც წარმატებით ფუნქციონირებს. “კნოპკა” ახლა საქმიან მოლაპარაკებებს შეერთებული შტატებისა და კანადის საავადმყოფოებთან აწარმოებს.
იმის მიუხედავად, რომ რუსეთი უკვე ორწელიწადნახევარზე მეტია ქვეყანაში შეიჭრა და მას ებრძვის, „უკრაინის ბიზნეს-ლიდერები საკუთარ შემოქმედებით უნარებს ტექნოლოგიურ, თუ სხვა სექტორებში ავითარებენ და ქვეყანას მომავლისკენ მტკიცედ მიუძღვებიან. USAID-ში ჩვენ გვქონდა პრივილეგია ყველაფერი გვეღონა იმისთვის, რომ მათთვის მხარი დაგვეჭირა”, - განაცხადა პაუერმა.
მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინული ბიზნესების მხარდასაჭერად, მათთვის უშუალოდ გამოყო $260 მილიონზე მეტი, რაც მოხმარდა „დაწყებული, ფრონტის ხაზებიდან კომპანიების გაყვანითა და მათი ფუნქციონირების აღდგენით, დამთავრებული - კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებით, რომლებიც მიზნად ისახავდა უკრაინელთა მაღალმოთხოვნად სფეროებში შექმნილი პროგრამებისთვის გადამზადებას, როგორიცაა მშენებლობა და ტრანსპორტი. ბიზნესებისა და სტარტაპებისთვის ასევე მოხდა ხელმისაწვდომ დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. ამ მხარდაჭერამ თავის მხრივ, უკრაინულ კომპანიებს გზა გაუხსნა $232-მილიონის ოდენობის ახალი ინვესტიციებისკენ”.
სამანტა პაუერმა ასევე აღნიშნა, რომ ისინი “პარტნიორებთან ერთად, უკრაინის მთავრობის მხარდამხარ მუშაობენ, რათა მოხდეს გაუმჯობესება გამჭვირვალობისა და სასამართლო სისტემის მეტი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფად… ეს ნდობის მშენებლობისკენ მიმართული კრიტიკული ნაბიჯებია, რაც კონტრაქტების შესრულებას უზრუნველყოფს და საინვესტიციო რეგულაციების დანერგვის შესაძლებლობას იძლევა”.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ინოვაცია და გამომგონებლობა ასევე გაიზარდა სოფლის მეურნეობის, წარმოებისა და თავდაცვის სექტორებში. „იმის წარმოდგენაც კი ამაღელვებელია, თუ რისი გაკეთება შეუძლია ამ ქვეყანას და უკრაინელ ხალხს მშვიდობიან დროში“, - განაცხადა პაუერმა და დასძინა:
„იმათი მსგავსი ბიზნესები, რომელთაც მე დღეს შევხვდი, მუშაობენ ისეთი მომავლის მშენებლობაზე, სადაც უკრაინელი ხალხის გამომგონებლობა პროგრესის მომტანი იქნება... აქ შექმნილი პროდუქტებით, მომსახურებითა და იდეებით ისარგებლებენ არამარტო უკრაინაში, არამედ მთელი მსოფლიოს გარშემო, სხვადასხვა ადგილებში”.