Accessibility links

Breaking News

რუსეთის სახიფათო თამაში და თვალთმაქცობა


ფოტო არქივიდან: რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებმა ვლადიმირ პუტინმა (მარცხნივ) და კიმ ჩენ ინმა ხელი მოაწერეს პარტნიორობის ახალ შეთანხმებას. 19 ივნისი, 2024წ. ფხენიანი, ჩრდილოეთ კორეა.
ფოტო არქივიდან: რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებმა ვლადიმირ პუტინმა (მარცხნივ) და კიმ ჩენ ინმა ხელი მოაწერეს პარტნიორობის ახალ შეთანხმებას. 19 ივნისი, 2024წ. ფხენიანი, ჩრდილოეთ კორეა.

მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეიჭრა, მოსკოვი გამუდმებით ცდილობდა, უკრაინის მოკავშირეთა დადანაშაულების გზით, ომის მთელი პასუხისმგებლობა მათთვის დაეკისრებინა. ეს იმიტომ, რომ ნატომ და სხვა ქვეყნებმა, უკრაინის თავდაცვა შეიარაღების მიწოდებით გააძლიერეს.

„უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 980 დღის შემდეგ, გაეროს წესდების დარღვევით, მთელი იმ სიკვდილითა და ნგრევით, რაც რუსეთმა გამოიწვია, რუსეთი დღეს ტყუილად ცდილობს სხვებს გადააბრალოს საკუთარი ომი და პუტინის სიჯიუტე“, - თქვა ოქტომბრის მიწურულს რობერტ ვუდმა, გაეროში შეერთებული შტატების ალტერნატიულმა წარმომადგენელმა სპეციალურ პოლიტიკურ საკითხებში.

„რუსეთის დეზინფორმაცია ვერავის გააცურებს. უკრაინის თავდაცვის საერთაშორისო მხარდაჭერა რეალურ პრობლემას არ წარმოადგენს. აგრესორი რუსეთია, უკრაინა კი მსხვერპლია. რუსეთისთვის ომი ნიშნავს დაპყრობას, უკრაინისთვის კი - გადარჩენას“, - აღნიშნა მან.

გაეროში შეერთებული შტატების წარმომადგენლის განცხადებით, “დღეს პრობლემას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესია და იმ ქვეყნების მოქმედება წარმოადგენს, რომლებიც მას სახიფათოდ ამწვავებენ”.

ირონიულია ის, რომ იმ ფონზე, როცა რუსეთი უკრაინის საგარეო სამხედრო დახმარების გამო ჩივის, მოსკოვი თავად დებს გარიგებებს და იღებს დახმარებას საკუთარი მოკავშირეებისგან, კერძოდ - კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკისგან, იგივე ჩრდილოეთ კორეისგან.

ოქტომბრის ბოლოს, “რუსეთის დუმაში კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასთან ორმხრივი თავდაცვის ხელშეკრულების რატიფიკაცია მოხდა, რომლის პარალელურადაც ჩრდილოეთ კორეა რუსეთს უკანონოდ აწვდიდა ბალისტიკურ რაკეტებს, სარაკეტო გამშვებებსა და საბრძოლო მასალას, რუსეთის აგრესიის ომის მხარდასაჭერად“, - თქვა ვუდმა. მან იქვე აღნიშნა, რომ ამჟამად რუსეთის კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეის 8000 ჯარისკაცი იმყოფება.

„ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში, რუსეთის ქმედებები არა მხოლოდ საშიშია, არამედ სრულიად საპირისპიროა იმ პასუხისმგებლობის, რომელიც მას, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს აკისრია. რუსეთის სამხედრო თანამშრომლობა კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასთან, არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს მრავალ რეზოლუციას, რომელიც კრძალავს როგორც შეიარაღების შეძენას ჩრდილოეთ კორეისგან, ისე სამხედრო წვრთნების უზრუნველყოფას”, - თქვა ვუდმა და იქვე ჩინეთის როლსაც გაუსვა ხაზი.

„ამასობაში, ჩინეთი აგრძელებს რუსეთის თავდაცვის სამრეწველო ბაზისადმი მისი ფართომასშტაბიანი მხარდაჭერის მნიშვნელობის დაკნინებას“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა გაეროში.

მისი თქმით, “შორი რადიუსის თავდასხმის დრონების შექმნისა და წარმოების საქმეში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაფუძნებული კომპანიები, რუსულ თავდაცვის ფირმებთან თანამშრომლობდნენ. ჩინეთს ვერ ექნება სარწმუნო პრეტენზია, იყოს მშვიდობის მომტანი მოთამაშე, როდესაც ის საშუალებას აძლევს რუსეთს, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ევროპაში უდიდესი მასშტაბის ომი აწარმოოს”.

„ეს ომი რუსეთმა დაიწყო. რუსეთსავე ძალუძს ხვალვე მისი დასრულება”, - განაცხადა ვუდმა. გაეროში შეერთებული შტატების ელჩის თქმით, „სანამ ეს არ მოხდება, უკრაინას აქვს საკუთარი თავდაცვის განუყოფელი უფლება… საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია და უნდა იმოქმედოს, რათა არ დაუშვას უკრაინის საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლა”.

XS
SM
MD
LG