ომის უკვე მესამე ზამთრის პირზე, რუსეთი უკრაინაში აგრძელებს და ამასთან ერთად, მართლაც რომ ამძაფრებს სასტიკ თავდასხმებს მის მშვიდობიან მოსახლეობაზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.
”ულმობელი ძალადობის გზით, რუსეთი ანგრევს უკრაინის ინფრასტრუქტურას, ხოცავს უამრავ მშვიდობიან მოქალაქეს, მილიონობით ადამიანს სახლ-კარის დატოვებას აიძულებს და საშიშროების ქვეშ აყენებს როგორც გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას, ისე - ევროპის ენერგომომარაგებას,” - განაცხადა რობერტ ვუდმა, გაეროში შეერთებული შტატების ალტერნატიულმა წარმომადგენელმა სპეციალურ პოლიტიკურ საკითხებში. ”ახლა კი, უკრაინის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობის მცდელობაში დამარცხების შემდეგ, რუსეთი კონფლიქტის გაფართოებას ცდილობს“, - აღნიშნა მან.
რობერტ ვუდის განცხადებით, შეერთებული შტატები გაეცნო ცნობებს იმის თაობაზე, რომ “ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ უკრაინაში რუსეთის მხარეს საბრძოლველად ძალები გააგზავნა და იქ ჩასაყვანად კიდევ დამატებით ძალებს ამზადებს”. ვუდი ამბობს, რომ “თუკი რუსეთი ჩრდილოეთ კორეას ადამიანური რესურსით დასახმარებლად მართლაც მიმართავს, მაშინ ეს კრემლის მხრიდან სასოწარკვეთილების ნიშანია”.
გაეროში შეერთებული შტატების ალტერნატიული წარმომადგენლის აზრით, “ვინაიდან რუსეთს არ ძალუძს, საკუთარი აგრესიის დახმარების გარეშე გაგრძელება, ეს იმას ნიშნავს, რომ ომი დასრულდება, თუკი ირანი და ჩრდილოეთ კორეა შეწყვეტენ მისთვის სამხედრო დახმარების გაწევას და თუ ჩინეთი შეწყვეტს [მოსკოვისთვის] ორმაგი დანიშნულების მქონე საომარი კომპონენტების გადაცემას“. ვუდი ასევე ხაზს უსვამს, რომ „ეს პარტნიორობები ამწვავებს მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის შექმნილ რისკებს, რომელთა მასშტაბიც უკრაინის ფარგლებს სცდება და საშიშროებას უქმნის არამარტო ევროპის, არამედ - ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონს, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკას”.
„მოსკოვი ცდილობდა უკრაინიდან სურსათის ექსპორტის ჩაშლას მიწოდების ჯაჭვის ყველა რგოლში, იქნებოდა ეს თავად სურსათის განადგურება, თუ მისი წარმოებისა და გადაზიდვის საშუალებების მოსპობა“, - თქვა მან და დასძინა: „პუტინმა იცის, რომ ამგვარმა ქმედებებმა გლობალური შიმშილის გაღრმავება გამოიწვია, მაგრამ მას ეს არ ანაღვლებს”.
ვუდი აცხადებს, რომ რუსეთი სურსათის ბაზარზე უკრაინის ჩანაცვლებას ცდილობს და ამისთვის “კრემლი ცინიკურად იყენებს მის მიერვე გამოწვეულ სასურსათო დაუცველობას, აიძულებს რა აფრიკის ისედაც მყიფე პოზიციების მქონე ქვეყნებს, რუსეთზე დამოკიდებულები გახდნენ, რუსეთს მიმართონ, როგორც სურსათის მიმწოდებელ წყაროს”.
„თუკი რუსეთს შეუძლია დაუსჯელად იმოქმედოს, როცა გადაწყვეტს, რომ მეორე ქვეყანა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი ‘არ არის ნამდვილი სახელმწიფო’, რომ არც მისი ხალხია ნამდვილი ერი, მაშინ რაღა აზრი აქვს გაეროს წესდებას და ჩვენს სხვა, კიდევ უფრო მნიშვნელოვან პრინციპებს? რა პრეცედენტს უქმნის ეს რუსეთს, ან სხვა ექსპანსიონისტ ძალებს, რომელთაც თვალი უჭირავთ მცირე ზომის, ან ნაკლებად განვითარებულ მეზობლებზე”? - კითხულობს ვუდი.
გაეროში შეერთებული შტატების ალტერნატიული წარმომადგენლის თქმით, „უსამართლო მშვიდობა შეარყევს საერთაშორისო სამართლის სიძლიერეს, დააზიანებს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოთა დამოუკიდებლობის პატივისცემის ფუნდამენტურ პრინციპებს საერთაშორისო სისტემაში. უსამართლო მშვიდობა შემდგომ კონფლიქტს გამოიწვევს. უსამართლო მშვიდობა საერთოდ არ იქნება მშვიდობა“.
„რუსეთს არ შეიძლება მიეცეს უკრაინის ნაწილის ანექსიის უფლება და არც უკრაინას უნდა უთხრან, რომ შეწყვიტოს საკუთარი ტერიტორიის დაცვა. ეს გაცილებით დიდი საფრთხეა გლობალური სტაბილურობისა და ყველაფერ იმისთვის, რისი დაცვაც ამ ინსტიტუტის [გაეროს] ვალდებულებაა“, - აცხადებს რობერტ ვუდი.