Accessibility links

Breaking News

აშშ გმობს რუსეთის მთავრობის მიერ მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვას


პოლიცია მოსკოვში დემონსტრაციის მონაწილეს აკავებს. 23 იანვარი, 2021.
პოლიცია მოსკოვში დემონსტრაციის მონაწილეს აკავებს. 23 იანვარი, 2021.

ათობით ათასი რუსეთის მოქალაქე გამოვიდა გასულ უქმეებზე გამართულ მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე, რუსეთის 120-ზე მეტ დიდ თუ პატარა ქალაქში, სანქტ-პეტერბურგიდან მოსკოვამდე, დასავლეთით ირკუტსკში თუ აღმოსავლეთით იუჟნო-სახალინსკში. ისინი ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას აპროტესტებდნენ და მის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

ნავალნი, ადვოკატი და კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტი, 17 იანვარს დააკავეს. ის მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებისთანავე დააპატიმრეს. ნავალნი გერმანიაში ნერვული აგენტით მოკვლის მცდელობის შემდეგ, მკურნალობის კურსს გადიოდა. მისი დაპატიმრება დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიერ რუსეთში პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, რამაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მმართველობის პერიოდში, ყველაზე მსხვილმასშტაბიანი არასანქცირებული დემონსტრაციები გამოიწვია.

„შეერთებული შტატები მხარს უჭერს ნებისმიერი ხალხის მშვიდობიანი საპროტესტო აქციის გამართვის უფლებას, შეკრების თავისუფლებას“ - დაწერა „ტვიტერზე“ რებეკა როსმა, მოსკოვში მდებარე შეერთებული შტატების საელჩოს პრესსპიკერმა. მისი თქმით, „რუსეთის ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ამ უფლებების შელახვას წარმოადგენს“.

პოლიციის საპასუხო რეაქცია შედარებით უხმაურო იყო, მაგრამ აქციაზე გამოსული ხალხის რაოდენობის ზრდასთან და დაშლაზე უარის თქმასთან ერთად, მძიმედ შეიარაღებულმა სადამსჯელო პოლიციის ნაწილებმა დაიწყო მასებიდან ადამიანების განურჩევლად გამოყვანა და დაპატიმრება. მთელ ქვეყანაში 3 700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

„რუსეთის მოქალაქეებისთვის მშვიდობიანი შეკრების უფლების და გამოხატვის თავისუფლების მიმდინარე შეზღუდვები, ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის დაკავება და ამის შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების დარბევა, შეიცავს სამოქალაქო საზოგადოების და ფუნდამენტურ თავისუფლებათა დამატებითი შევიწროების შემაშფოთებელ ნიშნებს“ - თქვა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა.

მისი თქმით, „რუსების თავისუფალი შეკრების და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში მონაწილეობის უფლებები, არამარტო ქვეყნის კონსტიტუციაშია შეტანილი, არამედ რუსეთის მხრიდან ეუთოს წინაშე და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითაც არის გარანტირებული“. ეს რუსეთის საერთაშორისო მოვალეობას წარმოადგენს.

შეერთებული შტატები მოუწოდებს „რუსეთის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ის ადამიანები, ვინც საკუთარი საყოველთაო უფლებების გამოყენების გამო დააკავეს. სასწრაფოდ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს ალექსეი ნავალნი. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს ბოლომდე ითანამშრომლოს საერთაშორისო საზოგადოებასთან, ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმის გამოძიებაში და სარწმუნოდ განმარტოს საკუთარ მიწაზე ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი“ - თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

„შეერთებული შტატები მხარში უდგას ჩვენს მოკავშირეებს და პარტნიორებს ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში, იქნება ეს რუსეთში თუ ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში, სადაც მას საფრთხე შეექმნება“ - განაცხადა ნედ პრაისმა.

XS
SM
MD
LG