Accessibility links

Breaking News

ბლინკენი და დიდი შვიდეული ერთიანია უკრაინის საკითხებში


ენტონი ბლინკენი (ცენტრში) დიდი შვიდეულის შეხვედრაზე გერმანიაში. 4 ნოემბერი, 2022 წ.
ენტონი ბლინკენი (ცენტრში) დიდი შვიდეულის შეხვედრაზე გერმანიაში. 4 ნოემბერი, 2022 წ.

თებერვლიდან მოყოლებული, დიდ შვიდეულში შემავალი ქვეყნები წინ მიუძღოდნენ მოკავშირეთა და პარტნიორთა ალიანსს, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის საქმეში, მაშინ როცა უკრაინა საკუთარ ერს რუსეთის თავდასხმისგან იცავდა - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

„ჩვენ უპრეცედენტო სანქციები და ექსპორტის კონტროლი დავაწესეთ, რამაც პირდაპირი გავლენა იქონია რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებზე ომის წარმოებაში. ეს ნაბიჯები უმეტესწილად დიდ შვიდეულთან ერთად იყო კოორდინირებული, რამაც უკრაინის საბრძოლო შესაძლებლობები განამტკიცა, რუსეთის კი - შეასუსტა. ეს გადამწყვეტი ფაქტორია იმის, რომ უკრაინას ამ ომში წარმატება აქვს“.

დიდი შვიდეული ასევე მუშაობს იმაზე, რომ სანქციები დაუწესოს მათ, ვინც ხელს უწყობს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ომს უკრაინაში. მათ შორისაა ირანი, რომლის საბრძოლო დრონები კლავენ უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებს, ანგრევენ მშვიდობიან ინფრასტრუქტურას, და რომლის სამხედრო პერსონალიც ყირიმში რუსეთს ამ სასიკვდილო იერიშების მიტანაში ეხმარება.

დიდი შვიდეული უკრაინას ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერითაც უდგას გვერდში, მაშინ როცა რუსეთმა უკრაინის კრიტიკული ენერგო-ინფრასტრუქტურის 40% დააზიანა. მათ შორისაა ელექტროგადამცემები, რომელთა მუშაობას ზამთარში მოსახლეობისთვის გათბობის მიწოდების საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. „პრეზიდენტმა პუტინმა, როგორც ჩანს გადაწყვიტა, რომ თუ უკრაინას ძალის გამოყენებით ვერ დაიპყრობს, მაშინ გაყინვით აიძულებს, რომ ის დანებდეს“ - თქვა ბლინკენმა. დიდმა შვიდეულმა გადაწყვიტა, ახალი საკოორდინაციო ჯგუფი შექმნას, რომელიც უკრაინის ენერგოსისტემას დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეკეთებაში, აღდგენაში და მის დაცვაში დაეხმარება.

დიდი შვიდეულის წევრ თითოეულ ქვეყანას ამ კრიტიკული მხარდაჭერისთვის მსხვერპლის გაღება უწევს. მაგალითად, შეერთებულმა შტატებმა, ენერგოუზრუნველყოფის მიზნით, ევროპას 60 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირი მიაწოდა. „ეს თითქმის ორნახევარჯერ მეტია, ვიდრე 2021 წლის ექსპორტი და ეს ჩვენს მეგობრებს ზამთრის პირზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რეზერვებს შეავსებინებს“ - აღნიშნავს ამერიკის სახელმწიფო მდივანი.

მსოფლიო დემოკრატიის წამყვანი ქვეყნები აგრძელებენ ერთობლივ მუშაობას რუსეთის აგრესიასთან მებრძოლი უკრაინის მხარდასაჭერად და დასაცავად.

XS
SM
MD
LG