Accessibility links

Breaking News

ამერიკა უკრაინის სუვერენიტეტის ერთგულია


სახელმწიფო მდივნის სტატუსით, ერთ-ერთი პირველი ვიზიტის განმავლობაში, ენტონი ბლინკენი კიევში უკრაინის მთავრობის უმაღლეს ოფიციალურ პირებს შეხვდა, რათა კიდევ ერთხელ დაედასტურებინა მათთვის შეერთებული შტატების ერთგულება უკრაინის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ. პრეს-ბრიფინგზე, რომელიც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გაიმართა, სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა თქვა: „ჩვენ ამაყად ვდგავართ თქვენს გვერდში, რათა ამ ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის უზრუნველვყოთ წარმატებული და დემოკრატიული მომავალი“.

მაისის დასაწყისში გამართულ ვიზიტს წინ უსწრებდა რუსეთის ჯარების მობილიზაცია ორ ქვეყანას შორის მდებარე საზღვარზე. ის ყველაზე მასშტაბური იყო მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2014 წელს ყირიმის ანექსია სცადა. ბოლო 7 წლის მანძილზე კონფლიქტმა 13 000-ზე მეტი უკრაინელის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის - აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის წინამძღოლობით მებრძოლ ჯარებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის მიმდინარე დაპირისპირებაში.

იმის მიუხედავად, რომ რუსეთის ჯარების ნაწილი საზღვრიდან გაიყვანეს, ადგილზე რჩება მძიმე სამხედრო აღჭურვილობა და რუსეთის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი. „სიტუაციას ჩვენ ძალიან, ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით“, თქვა სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა. მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად მათ განიხილეს შეერთებული შტატების მხრიდან გაწეული დახმარება, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება, და რომლის მიზანია უკრაინის უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება. ბლინკენის თქმით, შეერთებული შტატები „აქტიურად განიხილავს უკრაინასთან უსაფრთხოების თანამშრომლობის და უსაფრთხოების მიმართულებით დახმარების კიდევ უფრო გაძლიერებას“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გარკვევით თქვა, რომ რუსეთის გარე საფრთხესთან ერთად, უკრაინა გამოწვევების წინაშეა ქვეყნის შიგნით შექმნილი კორუფციის საფრთხის სახით. სატელევიზიო ინტერვიუში ბლინკენმა აღნიშნა, რომ კორუფცია „ჭამს“ უკრაინის დემოკრატიას. მან დაგმო „ოლიგარქები, რომლებიც საკუთარ ინტერესებს უკრაინელი ხალხის ინტერესებზე მაღლა აყენებენ“. სახელმწიფო მდივანმა შეაქო უკრაინის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლები იმ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივების მისაღებად გადადგმული ნაბიჯებისთვის, რომლებიც განამტკიცებს რეფორმების გატარებას. თუმცა, ბლინკენმა ისიც თქვა, რომ კიევმა მეტ პროგრესს უნდა მიაღწიოს ერთობლივი მმართველობის, სასამართლო რეფორმის და ნამდვილად დამოუკიდებელი ანტიკორუფციული საბჭოს მიმართულებით. ეს ნაბიჯები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აცხადებს სახელმწიფო მდივანი, რათა დავრწმუნდეთ იმაში, რომ მთავრობა ხალხს ემსახურება.

ბლინკენის თქმით, შეერთებული შტატები კორუფციის და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მადესტაბილიზებელი ქმედებების წინააღმდეგია ერთი და იგივე მიზეზის გამო - ორივე ცდილობს „წაართვას უკრაინელ ხალხს ის, რაც მათ კანონით ეკუთვნით: მათი უფლება, თავად მიიღონ გადაწყვეტილებები... საკუთარი ქვეყნის მომავლის მშენებლობის გზაზე“.

სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ძლიერ აფასებს უკრაინასთან მეგობრობას და პარტნიორობას, რათა უკრაინელი ხალხისთვის უზრუნველყოფილ იქნას ქვეყნის დემოკრატიული მომავალი და სულმოუთქმელად ელის სამომავლოდ ამ პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებას.

XS
SM
MD
LG