Accessibility links

Breaking News

სად დგას საქართველო და მოლდოვა


არჩევნები თბილისში, საქართველო. 27 ოქტომბერი, 2013 წ.
არჩევნები თბილისში, საქართველო. 27 ოქტომბერი, 2013 წ.

საქართველო და მოლდოვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებია, რომელთაც დამოუკიდებლობა 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოიპოვეს. ორივე ქვეყანას შავ ზღვაზე სტრატეგიული მდებარეობა აქვს და წლებია, ორივე რუსეთის დივერსიულ ქმედებათა სამიზნეს წარმოადგენს, რომელთა შორის, არჩევნებში ჩარევა და სახელმწიფო ინსტიტუტების სანდოობისა და ავტორიტეტის შელახვის მცდელობებიც არის.

ვინაიდან ოქტომბრის ბოლოს, ორივე ქვეყანაში ეროვნული არჩევნების ჩატარებაა დაგეგმილი, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სპეციალური მოსმენა გამართა. მასზე მოლდოვასა და საქართველოში შექმნილ ვითარებაზე და მათ მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაზე იმსჯელეს.

როგორც ჩანს, ეს ორი ქვეყანა საპირისპირო ტრაექტორიაზე დგას, როდესაც საქმე ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ეხება. მოლდოვამ გეზი დასავლეთისკენ აიღო და სურს, პოსტსაბჭოთა პერიოდის წარმატების ამბავი გახდეს. რაც შეეხება საქართველოს, ქართველი ხალხის მტკიცე გადაწყვეტილების მიუხედავად, ჩამოცილებულიყო საბჭოთა წარსულს და დაემყარებინა მჭიდრო ურთიერთობა დასავლეთთან, საქართველოს მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო “არადემოკრატიული კანონმდებლობა, მოახდინა სამოქალაქო საზოგადოების დემონიზება, დაუშვა ძალადობისა და დაშინების ესკალაცია სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ და გაავრცელა დეზინფორმაცია და რიტორიკული თავდასხმები შეერთებული შტატებისა და ევროპელი პარტნიორების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს ათწლეულების განმავლობაში უჭერდნენ მხარს“, - განაცხადა ჯოშუა ჰაკმა - შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში.

მისი თქმით, „28 მაისს, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული უცხოური გავლენის კანონი, ამ ანტიდემოკრატიული ცვლილების სიმბოლო გახლავთ. ეს კანონი, რომელიც რუსეთში ამოქმედებული კანონის ანარეკლს წარმოადგენს, შექმნილია კრიტიკული ხმების ჩასახშობად, დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტებისა და ჟურნალისტების შეურაცხყოფისთვის და საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების დაშინების მიზნით. „ქართული ოცნების“ მთავრობამ ეს კანონი საკუთარ მოქალაქეთა მასობრივი პროტესტის მიუხედავად მიიღო“.

„რუსეთის აგრესიის, ჩარევისა და დეზინფორმაციის მუდმივი საფრთხის მიუხედავად“, განაცხადა კრისტოფერ სმითმა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, „მოლდოვის 20 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები და ერთდროულად [დაგეგმილი] ეროვნული რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, წარმოადგენს ისტორიულ შესაძლებლობას მოლდოველი ხალხისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დამანგრეველი გავლენის ფონზე“.

მისი თქმით, „პრეზიდენტმა [მაია] სანდუმ, მისმა მთავრობამ და მოლდოველმა ხალხმა გადადგა გაბედული ნაბიჯები უფრო დემოკრატიული, უსაფრთხო, აყვავებული მომავლის ასაშენებლად, რომელიც მტკიცედ ეფუძნება დასავლეთს. ჩვენი სტრატეგიის მთავარი მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ მოლდოვის კურსი ევროკავშირში ინტეგრაციისკენ შეუქცევადი იყოს”.

საკითხზე ასევე ისაუბრა ალექსანდრ სოკოლოვსკიმ, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილემ. მან აღნიშნა, რომ „საქართველო და მოლდოვა შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორები იყვნენ, რომლებიც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, ათწლეულების განმავლობაში ეძებდნენ მჭიდრო კავშირებს დასავლეთთან”. მან ხაზი გაუსვა მოლდოველი ხალხის სიმამაცეს, რომელთაც “ევროპაში ინტეგრაციის არჩევანთან დაკავშირებით, მამაცი გადაწყვეტილება მიიღეს”.

დასასრულს, ჯოშუა ჰაკმა იმედი გამოთქვა, რომ “საქართველოს ლიდერები გადახედავენ საკუთარ ქმედებებს და დაუბრუნდებიან საქართველოს დიდი ხნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს”.

XS
SM
MD
LG