28 მაისს საქართველოს პარლამენტმა ხმა მისცა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევას კანონპროექტზე, რომელსაც ის და სხვა კრიტიკოსები დემოკრატიაზე დარტყმად მიიჩნევენ. შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა კანონპროექტს უწოდა „კრემლის სტილის უცხოეთის აგენტების“ კანონი, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება“.
კანონპროექტის მოთხოვნით, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია მისი დაფინანსების სულ მცირე 20 პროცენტს საზღვარგარეთიდან იღებს, ის უნდა დარეგისტრირდეს და გამოაცხადოს, რომ „უცხოეთის ინტერესებს ემსახურება“. მან ასევე დეტალური ფინანსური ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს.
საქართველოს მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის მიერ წარმოდგენილმა კანონპროექტმა, კვირების განმავლობაში გამოიწვია ათასობით ქართველის მონაწილეობა საპროტესტო აქციებში, რომლებიც კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან. პარლამენტის მიერ დასამტკიცებელი საბოლოო კენჭისყრის წინ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის განცხადებაში გააფრთხილა თბილისი, რომ ასეთი კანონს „შეეძლება ჩაახშოს გაერთიანების და გამოხატვის უფლებებით სარგებლობა, სტიგმის ქვეშ მოაქციოს ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს ემსახურებიან და შეაფერხოს მედია ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ, რათა ქართველებს მაღალი ხარისხის ინფორმაციაზე ჰქონდეთ წვდომა“. მან გაკიცხა საქართველოს ხელისუფლების „რეპრესიული ტაქტიკა, რომელიც ლეგიტიმური განსხვავებული აზრის ჩასახშობად იქნა გამოყენებული“ და გამოაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ნერგავს სავიზო შეზღუდვის ახალ წესებს საქართველოსთვის, „რომლებიც შეეხება პირებს, ვინც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზეა პასუხისმგებელი, ან მასში მონაწილეობს. ეს მათი ოჯახის წევრებსაც შეეხება“.
საქართველოს პარლამენტში გამართული კენჭისყრის შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მეთიუ მილერმა დაგმო პარლამენტის ქმედება, რომელმაც კანონპროექტი რეალურ კანონად აქცია.
„ამ კანონის მიღებით, მმართველმა „ქართული ოცნების“ პარტიამ ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის გზას კიდევ უფრო დააშორა და უგულებელყო ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები, რომელიც ამ კანონის წინააღმდეგ კვირების განმავლობაში ქუჩებში იყო გამოსული... მმართველი პარტიის ქმედებები და ანტიდასავლური რიტორიკა ემუქრება საქართველოს დემოკრატიულ კურსს, მომავალ ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ევროკავშირის წევრობას და ასევე რისკს უქმნის აშშ-საქართველოს ურთიერთობას“, - განაცხადა მილერმა.
მან აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა ასევე დაიწყო ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა, რომელიც შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებობს:
„როგორც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა გასულ კვირაში თქვა, გავითვალისწინებთ ქართული ოცნების ქმედებებს და ასევე მივიღებთ გადაწყვეტილებას ჩვენს შემდგომ ქმედებებზე“.
„შეერთებული შტატები“, განაცხადა მილერმა, „აგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით დგომას იმ დროს, როდესაც ის დემოკრატიასა და დასავლურ მომავალზე მუშაობს. ასევე სამწუხაროა, რომ საქართველოს ლიდერები ირჩევენ, უარი თქვან ნაბიჯებზე, რომლებიც საჭიროა, რათა საქართველო დასავლური მიმართულებით დაწინაურდეს, რაც მისი ხალხის სურვილია“.