Accessibility links

Breaking News

საქართველოს სუვერენიტეტის მხარდასაჭერად


2008 წელს, რუსეთმა იმის მსგავსი ტაქტიკის გამოყენებით, რომელსაც მან მოგვიანებით აღმოსავლეთ უკრაინაში მიმართა, ჩრდილოეთ საქართველოში, სამხრეთ კავკასიაში, თავისი მეზობლის ტერიტორიაზე, მღელვარება გაამწვავა და წააქეზა. საკუთარი მოქალაქეების დაცვის საბაბით, რუსეთი საქართველოს სამხრეთ ოსეთის რაიონებს თავს 2008 წლის 8 აგვისტოს დაესხა.

იმ პროცესში დაახლოებით ათასი ქართველი დაიღუპა, ათასობით ადამიანი კი ლტოლვილად იქცა. აფხაზეთის ომის ჩათვლით, საქართველოში 300 000-ზე მეტი, მათ შორის მეტწილად ეთნიკური ქართველი, იძულებით ადგილნაცვალი გახდა.

„თხუთმეტი წლის წინ, რუსეთის აგრესიამ მილიონობით ქართველის ცხოვრება და არსებობის წყარო თავდაყირა დააყენა", თქვა გაეროში შეერთებული შტატების წარმომადგენლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ჯეფრი დელაურენტისმა. „ბევრ მათგანს არ შეუძლია თავის ცხოვრებას და სახლს დაუბრუნდეს, რომელიც კონფლიქტამდე ჰქონდა. ბევრს არ შეუძლია მშვიდობაში და უსაფრთხოებაში იყოს“, აღნიშნავს ის.

2008 წლის 25 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. ამ საქმეში რუსეთს ოთხი ქვეყანა შეუერთდა, მაშინ როცა მსოფლიოს სხვა ქვეყნების უმეტესობა გამოყოფილ რესპუბლიკებს საქართველოს ნაწილად მიიჩნევს. აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში განთავსებული რუსული ჯარი, ფაქტობრივად საქართველოდან მისივე ტერიტორიის დაახლოებით მეხუთედის გამოყოფას ახდენს.

შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში" - განაცხადა ელჩმა დელაურენტისმა. მისი თქმით, „საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო ყოფნა, მისი უკანონო შეჭრის შედეგია.“

„რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ გაეროს ქარტიაში ჩაბეჭდილ პრინციპებსაც,“ აღნიშნა გაეროში შეერთებული შტატების წარმომადგენლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა.

დელაურენტისი ამბობს: „მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია. ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული მისი ვალდებულებები და თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე გაიყვანოს და ასევე შეუზღუდავი წვდომის უფლება მისცეს და ხელი შეუწყოს ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს“.

„რუსეთმა და აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში დე-ფაქტო ხელისუფლებებმა უნდა გადადგან დაუყოვნებელი ნაბიჯები, რათა აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებებს პატივი სცენ, შეწყვიტონ ადმინისტრაციული მიჯნის გასწვრივ ბარიერების მშენებლობა და შექმნან უსაფრთხო პირობები, რომელიც ქვეყნის შიგნით იძულებით ადგილნაცვალი პირების და ლტოლვილების ნებაყოფლობით, უსაფრთხო, ღირსეულ და შეუფერხებელ დაბრუნებას და რეინტეგრაციას შეუწყობს ხელს“ - განაცხადა ჯეფრი დელაურენტისმა.

XS
SM
MD
LG