„გრძელვადიანი მშვიდობა და კეთილდღეობა მოითხოვს პატივისცემას როგორც სახელმწიფოთა სუვერენტიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ყველა ხალხის ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ“ - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა შვედეთში, ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მინისტერიალის წინ.
და როგორც თავისუფლებას და სტაბილურობას შორისაა კავშირი, ასევეა - ადგილობრივ რეპრესიებს და საზღვრისპირა აგრესიას შორის - აღნიშნავს სახელმწიფო მდივანი. ის ხაზს უსვამს შემდეგ გარემოებას: „ის ქვეყნები, რომლებიც შინ სისტემატურად არღვევენ ადამიანის უფლებებს, სხვა ქვეყნებშიც თესენ არეულობას... ის მმართველები, რომლებიც საკუთარ ძალაუფლებას ამეტებენ და უგულვებელყოფენ საკუთარი ხალხის უფლებებს, იგივე ქმედების ჩადენის ლიცენზიას სხვა სახელმწიფოთა ლიდერებსაც აძლევენ“.
ენტონი ბლინკენის თქმით, „დღეს, ეუთოს მტკიცე ძალისხმევის მიუხედავად, ბევრ ქვეყანაში დემოკრატიული ფასეულობები, ადამიანის უფლებები, სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი მედია, კანონის უზენაესობა, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა“. რა თქმა უნდა, „ბელარუსი აგრძელებს საერთაშორისო კანონმდებლობის და ეუთოს ვალდებულებების დარღვევას“ - აცხადებს ამერიკის სახელმწიფო მდივანი და დასძენს: „ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ბელარუსის ოფიციალურ პირებს, შეწყვიტონ ძალადობრივი დევნა, გაათავისუფლონ ყველა პოლიტიკური პატიმარი, გაითვალისწინონ ხალხის მოთხოვნა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ, რომელსაც დამოუკიდებელი ზედამხედველები დააკვირდებიან და შეწყვიტონ აღმაშოთებელი ქმედება, რომელიც მიგრაციის ინსტრუმენტად გამოყენებას უკავშირდება“.
რუსეთიც აგრძელებს ეუთოს ვალდებულებების დარღვევას. ყირიმის ძალისმიერმა დაპყრობამ სასტიკი ძალადობა მოიტანა ყირიმელი თათრების, ეთნიკური უკრაინელების და სხვა ხალხების მიმართ, ვინც ოკუპაციას მშვიდობიანად ეწინააღმდეგებოდა. ბლინკენი ამბობს, რომ მათში „ღრმა შეშფოთებას იწვევს მტკიცებულებები რუსეთის გეგმების შესახებ, რაც უკრაინის წინააღმდეგ კიდევ უფრო მეტ აგრესიას ითვალისწინებს. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ ხელშეუხებლობას, რათა მოხდეს დეესკალაცია; უკრაინის საზღვარზე განლაგებული [რუსეთის] მზარდი სამხედრო ძალები დააბრუნოს თავის საწყის, მშვიდობიან პოზიციებზე და დანერგოს მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები, განსაკუთრებით - ცეცხლის შეწყვეტის დაპირებების და ეუთოს დამკვირვებლებისთვის შეუზღუდავი წვდომის უზრუნველყოფის მიმართულებით“.
საქართველოში კი რუსეთი აბუჩად იგდებს ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლის მხრივ ნაკისრ ვალდებულებებს, კვლავ ინარჩუნებს რა ძალებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. შინ რუსეთი აგრძელებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დარბევას. მათ შორის ერთ-ერთი ბოლო იყო მაღალი რეპუტაციის მქონე უფლებადამცველი ორგანიზაციის „მემორიალი“ წამყვანი ფილიალი და დამოუკიდებელი მედია.
„ჩვენ გვჯერა დემოკრატიული სახელმწიფოების უპირატესობის - გააძლიერონ ერთმანეთი და იმ ქვეყნების პოტენციალის, რომლებიც ჯერ არ არიან დემოკრატიული, მაგრამ ესწრაფვიან მას საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ“ - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. მისი თქმით, ეუთო ამ ხედვის დაწინაურების საქმეში წამყვან ფორუმად რჩება.