შეერთებული შტატები პრესის თავისუფლების სადარაჯოზე

გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, პრესის თავისუფლება ჩვენსავე ნახევარსფეროში და მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ლოს ანჯელესში გამართულ ამერიკათა მედიასამიტზე გამოსვლისას. მან გამოყო სამი ზოგადი პრობლემა მედიაში და ის, თუ რას აკეთებს შეერთებული შტატები პრობლემებთან გასამკლავებლად.

დეზინფორმაციასთან ბრძოლისათვის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკათა ციფრული კომუნიკაციების ქსელის პირველი ჰაბი შექმნა. აღნიშნული ქსელი აერთიანებს ჟურნალისტებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობის წარმომადგენლებს, რომლებსაც შეუძლიათ ერთობლივად წინ აღუდგნენ სახელმწიფოთა მიერ დაფინანსებულ პროპაგანდას, აგრეთვე იზრუნონ ჟურნალისტთა უსაფრთხობაზე.

ბლინკენის თქმით, მეორე გამოწვევაა დასავლეთ ნახევარსფეროში პრესის წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართული მუქარები, შევიწროება და ძალადობა:

“იუნესკოს დამკვირვებელთა ინფორმაციით, მიდინარე წელს, ჩვენ ნახევარსფეროში, სულ ცოტა, 17 ჟურნალისტი მოკლეს. სულ ბოლოს, 9 მაისს, მექსიკის ქალაქ ვერაკრუსში სიცოცხლეს გამოასალმეს ვებ-გვერდ “ელ-ვერასის” რედაქტორი და ჟურნალისტი იესენია მოლინედო და შეილა იოანა გარსია. ჟურნალისტებისათვის მსოფლიოს არცერთი სხვა რეგიონი არაა ასეთი სახიფათო”.

მთავრობები გამოხატვის თავისუფლების შესასღუდად კანონმდებლობას იყენებენ. ამის მაგალითი იყო გაზაფხულზე სალვადორში მიღებული შეზღუდვები.

კუბაში, ნიკარაგუასა და ვენესუელაში ჟურნალისტური გამოძიების ჩატარება სისხლის სამართლის დანაშაულია.

ამის საპასუხოდ, შეერთებული შტატები მთელ რეგიონში მუშაობს, რათა გააძლიეროს კანონის უზენაესობა და გადაამზადოს მოსამართლეები და პროკურორები, რათა მათ პრესაზე მიტანილი მსგავსი იერიშები გამოიძიონ და დამნაშავეები დასაჯონ.

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო 9 მილიონ დოლარს გამოყოფს იმ ფონდისათვის, რომელიც ცილისწამებაში დადანაშაულებული ჟურნალისტების დაცვას ემსახურება. აღნიშნული თანხა უსამართლო განაჩენების საფუძველზე დაჯარიმებული ჟურნალისტებისა და მედია-ორგანიზაციების დასახმარებლად მიიმართება. ამას გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებით 3.5 მილიონი დოლარით ჟურნალისტიკის დაცვის პლატფორმას შექმნის და საფრთხის ქვეშ მყოფი ჟურნალისტების დაცვასა და გადამზადებაზე იზრუნებს.

სახელმწიფო მდივან ბლინკენის თქმით, მესამე გამოწვევა, რომელზე შეერთებული შტატები მუშაობს, ისაა, რომ დამოუკიდებელი მედია-ორგანიზაციები ფინანსური მდგრადობა უზრუნველყოს:

“საზოგადოებრივი მედიის საერთაშორისო ფონდისათვის 30 მილიონ დოლარს გამოვყოფთ. ფონდი იმ ორგანიზაციებს დაეხმარება, რომლებიც შეზღუდული რესურსებისა და არასტაბილური გარემოს მქონე ქვეყნებში მუშაობენ. კიდევ ხუთი მილიონი დოლარი დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობას მოხმარდება.”

“ჩვენი ხალხის, ჩვენი საზოგადობებისა და ჩვენი დემოკრატიების სიჯანსაღისათვის თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესა დასავლეთ ნახევარსფეროში დღეს ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს,” - განაცხადა მდივანმა ბლინკენმა.