შეერთებული შტატები დიდი ხანია შეშფოთებულია იმით, რომ გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი-2, რომელიც რუსეთს და გერმანიას ბალტიის ზღვაზე გავლით დააკავშირებს, ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის შესაძლოა უსაფრთხოების რისკებს ქმნიდეს. მილსადენის საშუალებით ბუნებრივი აირის გერმანიისთვის უშუალოდ მიწოდება, რუსეთს აძლევს პოტენციურ შესაძლებლობას, გააუქმოს არსებული გაზსადენები, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპაზე გადის.
ამ საფრთხეებზე რეაგირების მიზნით, გერმანია ზომების მთელ პაკეტზე დათანხმდა, რათა დაიცვას ევროპის ენერგოუსაფრთხოება. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ამბობს, რომ აღნიშნული პაკეტი „ისეა მომზადებული, რომ პასუხი გაეცეს ამ რისკების გამომწვევ ძირეულ მიზეზებს - რუსეთის მიერ ენერგიის გეოპოლიტიკურ იარაღად გამოყენებას და რუსეთის მავნებლურ ქმედებებს მგრძნობიარე ქვეყნების მიმართ, როგორიცაა მაგალითად უკრაინა, რომელიც რუსული გაზის სატრანზიტო გადასახადებზეა დამოკიდებული“.
უკრაინას დრო და რესურსები დასჭირდება, რომ რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება დაასრულოს. სწორედ ამიტომ გერმანია თანახმაა დანიშნოს სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც უკრაინას დაეხმარება რუსეთთან ბუნებრივი აირის ტრანზიტის კონტრაქტის გახანგრძლივებაში, რომელსაც ვადა 2024 წელს ეწურება.
ამასობაში, გერმანია და შეერთებული შტატები რამდენიმე ინიციატივით გამოდიან. ეს ზომები უკრაინას რუსულ გაზზე და სატრანზიტო გადასახადებით მიღებულ მოგებაზე დამოკიდებულების მოხსნაში დაეხმარება.
უპირველეს ყოვლისა, გერმანია პირობას დებს, რომ უკრაინისთვის შექმნის და წარმართავს მილიარდი დოლარის მოცულობის „მწვანე ფონდს“, რათა ხელი შეუწყოს ენერგოუსაფრთხოებას და გარდამავალ პერიოდს ახალ წყაროებზე. ფონდის მიზანია უკრაინაში განახლებადი ენერგიის გამოყენების გაფართოება და წახალისება; წყალბადის განვითარების ხელშეწყობა; ენერგოეფექტურობის გაღრმავება და ნახშირბადისადმი ე.წ. ნეიტრალიტეტის გამომუშავება.
მეორე: გერმანია პირობას დებს, რომ უკრაინის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დამატებით 60 მილიონ ევროს გამოყოფს. ეს თანხა მოხმარდება საპირისპირო მიმართულებით დინების უზრუნველყოფას, ელექტროქსელების ინტეგრაციას, კრიტიკული ინფრასტრუქტურის კიბერუსაფრთხოებას, ასევე - უკრაინის ენერგოსექტორის რეფორმირების და მოდერნიზაციის მხარდაჭერას.
მესამე: ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის უარყოფითი გავლენის ფონზე, რაც მილსადენის ამუშავებას ექნება ევროკავშირის ცენტრალური და აღმოსავლეთ ნაწილის ქვეყნებზე, გერმანია ასევე გააძლიერებს მის ჩართულობას სამი ზღვის ინიციატივაში. ბერლინი ყურადღებას მიმართავს ინვესტიციებზე, რომლებიც ამ ინიციატივაში ჩართულ პროექტებს უკავშირდება, ან მის ნაწილს წარმოადგენს.
მეოთხე: გერმანია ასევე ერთგული რჩება ევროპის კავშირის შიდა ენერგობაზრების მომარაგებისთვის, დივერსიფიკაციის და უსაფრთხოების პრინციპების დაცვის.
ეს ზომები მნიშვნელოვანი წვლილია გერმანიის მხრიდან, რომელსაც შეერთებული შტატები მხარს უჭერს, რათა მოხდეს რუსეთის მავნებლურ ქმედებათა განეიტრალება და რომ სამომავლოდ როგორც უკრაინის, ისე ნატოს და ევროკავშირის ქვეყნებისთვის ენერგიის მიწოდება უფრო უსაფრთხო და მდგრადი იყოს.