ვენესუელის მოსახლეობა კვლავ მძიმე მდგომარეობაშია იმ არალეგიტიმური რეჟიმის გამო, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების განადგურებას ისახავს მიზნად. სულ ახლახან, ნიკოლას მადუროს რეჟიმმა საკუთარი ძალაუფლება კიდევ უფრო განამტკიცა იმით, რომ ვენესუელაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შანსი მოსპო.
მადუროს რეჟიმის მიერ კონტროლირებულმა უზენაესმა სასამართლომ, ცოტა ხნის წინ, წარადგინა ეროვნული საარჩევნო საბჭოს ახალი შემადგენლობა, რომელიც ასევე რეჟიმს ემხრობა, რითაც ეროვნულ ასამბლეას ამ პოსტების შევსების უფლება ჩამოართვა.
ამის შემდეგ, არალეგიტიმურმა ეროვნულმა საარჩევნო საბჭომ გამოაცხადა, რომ ახალი ეროვნული ასამბლეის არჩევნები 6 დეკემბერს ჩატარდება. ვენესუელის საკანონმდებლო ორგანო მთავრობის ერთადერთი განშტოებაა, რომელიც მადუროს მიერ არ კონტროლდება და მას ახლა ოპოზოციის ლიდერი და ვენესუელის გარდამავალი პერიოდის პრეზიდენტი ხუან გუაიდო ხელმძღვანელობს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თავის განცხადებაში დაგმო „მადუროს მარიონეტული ეროვნული საარჩევნო კომისია“ იმის გამო, რომ ის საფუძველს უმზადებს „მადუროს რეჟიმს ძალაუფლებაში არალეგიტიმურად, ვენესუელელი ხალხის ნებართვის გარეშე დასარჩენად“.
არალეგიტიმური უზენაესი სასამართლო (TSJ) ამით არ დაკმაყოფილდა და სამი მთავარი ოპოზიციური პარტიის სახელი და ბრენდინგი მითვისა, პარტიის ლიდერებად კი მადუროს მომხრეები დანიშნა. მარიონეტული ოპოზიციის შექმნა მადუროს გეგმის კიდევ ერთი ნაწილია, რათა დაარწმუნოს მსოფლიო, რომ ვენესეულის მოსახლებას აქვს არჩევანის საშუალება ნებისმიერ სამომავლო არჩევნებში, რომელსაც ის უხელმძღვანელებს.
მადუროს ყალბი ცენტრალური საარჩევნო კომისიის და არალეგიტიმური უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებები მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - აცხადებს სახელმწიფო მდივანი პომპეო - „წაართვან ვენესუელის ხალხს მთავრობის წევრების თავისუფალი და სამართლიანი დემოკრატიული არჩევნების გზით არჩევის განუყოფელი უფლება“.
„ვენესუელის მოსახლეობა და საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს გაყალბებული პროცესების შედეგებს“, განაცხადა სახელმწიფო მდივანმა პომპეომ. ყველამ, ვინც მონაწილეობას იღებს ვენესუელის მოსახლეობისთვის მათი დემოკრატიული და ადამიანის უფლებების წართმევაში, შეიძლება დაუყოვნებლივ აგოს პასუხი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წამოაყენა „ვენესუელის დემოკრატიული გარდაქმნის სამუშაო ჩარჩოს“ სახელით ცნობილი დემოკრატიული გზამკვლევი, რომელიც მოიცავს გარდამავალ პერიოდში, ფართოდ მისაღები საგანგებო მთავრობის შექმნას. მას ექნება საშუალება დაუყოვნებლივ მიხედოს ჰუმანიტარულ კრიზისს, ჩაატარებს თავისუფალ და სამართლიან საპრეზიდენტო და საკანონმდებლო არჩევნებს, ისევე როგორც საფუძველს ჩაუყრის ვენესულასთან დაკავშირებული სანქციების მოხსნას.
შეერთებული შტატები და სახელმწიფო მდივანი პომპეო კვლავაც „გააგრძელებენ თავისუფლების მსურველი ვენესუელის ხალხის გვერდში დგომას“.