2 სექტემბერს, წყნარი ოკეანის რეგიონში, მეორე მსოფლიო ომი ოფიციალურად დასრულდა. შესაბამისად, დასრულდა გლობალური კონფლიქტიც. ამ დღეს, 75 წლის წინ, ტოკიოს ყურეში, შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტის ხომალდზე „მისური“, ამერიკის და იაპონიის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს იაპონიის უპირობო კაპიტულაციას.
გერმანიამ კაპიტულაცია მოკავშირეებთან მანამდე, 8 მაისს გამოაცხადა, რითაც ევროპაში მსოფლიო ომი შეწყდა. ამის მიუხედავად, ბრძოლა წყნარი ოკეანის რეგიონში გრძელდებოდა, და ის არ დასრულდებოდა მანამ, სანამ იაპონია იარაღს არ დადებდა.
26 ივლისს, 10 დღით ადრე, ვიდრე შეერთებული შტატები წარმატებით გამოცდიდა ატომურ ბომბს, მოკავშირეთა ლიდერებმა პოტსდამის დეკლარაცია შექმნეს, დოკუმენტი, რომელიც იაპონიის იმპერიას დანებების პირობებს სთავაზობდა. თუ იაპონია მათზე უარს იტყოდა, მას „სწრაფი და სრული განადგურება ელოდა“. იაპონიამ ულტიმატუმზე უარი განაცხადა.
შესაბამისად, იაპონიის ბრძოლის ველზე დამარცხების საჭიროება აშკარა და რთულ ამოცანად გამოიკვეთა. წლების მანძილზე შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები წყნარი ოკეანის რეგიონში ებრძოდნენ იაპონიის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს საზღვაო ფლოტს. წყნარი ოკეანის კუნძულების გასწვრივ სასტიკი ბრძოლები იმართებოდა, რომლებიც ხშირად, როგორც დამარცხებული იაპონელი ჯარისკაცების, ისე სამოქალაქო პირების მასობრივი სუიციდით მთავრდებოდა. ამან შეერთებული შტატები დაარწმუნა იმაში, რომ იაპონიაში შეჭრა ორივე მხარეს უზარმაზარ ადამიანურ მსხვერპლს მოუტანდა.
სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ ომი უნდა დამთავრებულიყო სწრაფი და გადამწვეტი ნაბიჯით. მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა პროკლამაციის ფურცლები ჩამოყარა, რითაც ხალხს გარდაუვალ საჰაერო იერიშზე აფრთხილებდა და სამოქალაქო პირებს ევაკუაციას სთხოვდა, ამერიკამ იაპონიის ორ ქალაქში, სამი დღის ინტერვალით, ორი ატომური ბომბი ჩამოაგდო. ბოლოს და ბოლოს, იაპონიის ლიდერები დარწმუნდნენ იმაში, რომ ომში გამარჯვება გამორიცხული იყო. 14 აგვისტოს იაპონიის იმპერატორმა ჰიროჰიტომ იაპონიის კაპიტულაცია გამოაცხადა.
„დღეს იარაღები დადუმებულია“, თქვა გენერალმა დუგლას მაკარტურმა, რომელმაც მოკავშირეების მანდატით, იაპონიის კაპიტულაცია ჩაიბარა, აშშ-ის საზღვაო ფლოტის ხომალდ „მისურიზე“ გამართული ცერემონიის დროს.
„დიდი ტრაგედია დასრულებულია. დიდი გამარჯვება მოპოვებულია. ციდან სიკვდილის წვიმა შეჩერებულია. ზღვები მხოლოდ ვაჭრობისთვის იქნება. ადამიანი მზის სინათლეზე წელში გამართული ივლის. მშვიდობა მთელ მსოფლიოს მოეფინება. წმინდა მისია შესრულებულია“ - თქვა მან.
გენერალ დუგლას მაკარტურის თქმით, „წყნარი ოკეანის აუზში გზა გაჭრა ახალი, ემანსიპირებული სამყაროს ხედვამ. დღეს იერიშზეა მშვიდობა, მარშირებს დემოკრატია. დღეს აზიაში, ისევე როგორც ევროპაში, ბორკილახსნილი ხალხი შიშისგან გათავისუფლდა და თავისუფლება სრულად იგემა“.
1945 წლის 2 სექტემბერს, მეორე მსოფლიო ომს ნამდვილად, საბოლოოდ დაესვა წერტილი და ახალი ერა დაიწყო.