შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამა, სახელად ჯილდო სამართლისთვის, 10 მილიონ დოლარამდე ჯილდოს აწესებს. მას სთავაზობენ ისეთი ინფორმაციისთვის, რომელზე დაყრდნობითაც მოხდება ნებისმიერი იმ პირის ამოცნობა ან ადგილმდებარეობის დადგენა, რომელიც უცხოეთის მთავრობის კონტროლის ქვეშ, კომპიუტერული თაღლითობის და ბოროტად გამოყენების კანონის დარღვევით, შეერთებული შტატების კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართულ მავნე კიბერსაქმიანობაში მონაწილეობს.
პროგრამა სახელად ჯილდო სამართლისთვის, ეძებს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს, იგივე - „გრუს“ - 6 ოფიცერზე. საქმე ეხება მათ როლს კრიმინალურ შეთქმულებაში, სადაც შედის მავნე კიბერსაქმიანობა, რომელიც შეერთებული შტატების კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ახდენს გავლენას.
„გრუს“ ოფიცრები, იური სერგეევიჩ ანდრიენკო, სერგეი ვლადიმიროვიჩ დეტისტო, პაველ ვალერიევიჩ ფროლოვი, ანატოლი სერგეევიჩ კოვალიოვი, არტიომ ვალერიევიჩ ოჩიჩენკო და პიოტრ ნიკოლაევიჩ პლისკინი იყვნენ შეთქმულების წევრები. შეთქმულებამ რუსეთის სტრატეგიული სარგებლისთვის, მსხვერპლთა კომპიუტერებში უნებართვო შეღწევის გზით, გაავრცელა დამანგრეველი მავნე კომპიუტერული პროგრამა და სხვა მავნებლურ ქმედებებს მიმართა.
ექვსივე პირი მუშაობს „გრუს“ ქვედანაყოფ 74455-ში, რომელიც კიბერუსაფრთხოების მკვლევრებისთვის ასევე ცნობილია, როგორც: Sandworm Team, Telebots, Voodoo Bear და Iron Viking.
ეს პირები იყვნენ დანაშაულებრივი შეთქმულების წევრები, რომელმაც 2017 წლის 27 ივნისს, შეერთებულ შტატებში და მთელ მსოფლიოში გაავრცელა დამანგრეველი მავნე კომპიუტერული პროგრამის ინფექცია, რომელიც ცნობილია სახელით - NotPetya. ამ კიბერთავდასხმებმა დააზიანა საავადმყოფოების და სხვა სამედიცინო დაწესებულებების კომპიუტერები დასავლეთ პენსილვანიის ჰერითიჯ ველის ჯანდაცვის სისტემაში, აშშ-ის დიდი ფარმაცევტული მწარმოებელი და აშშ-ის კერძო სექტორის სხვა სუბიექტები. მავნე კიბერაქტივობამ აშშ-ის სუბიექტებისთვის მთლიანობაში თითქმის 1 მილიარდი დოლარის ოდენობის დანაკარგები გამოიწვია.
2020 წლის 15 ოქტომბერს, ფედერალურმა ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ, ამ 6 რუს ოფიცერს ბრალი კომპიუტერული თაღლითობის და ბოროტად გამოყენების შეთქმულებაში, ტელეკომუნიკაციის ან საინფორმაციო ტექნოლოგიის გამოყენებით ფინანსური თაღლითობის ჩადენის შეთქმულებაში, ტელეკომუნიკაციის ან საინფორმაციო ტექნოლოგიის გამოყენებით ფინანსური თაღლითობის ჩადენაში, დაცული კომპიუტერების დაზიანებაში და დამამძიმებელ გარემოებებში იდენტობის მოპარვაში წაუყენა.
1984 წელს დაარსების დღიდან, პროგრამამ ჯილდო სამართლისთვის, რომელსაც დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახური მართავს, 200 მილიონ დოლარზე მეტი გადაუხადა მსოფლიოში 100-ზე მეტ ადამიანს, რომლებმაც პრაქტიკული ინფორმაცია მიაწოდეს. ეს დაეხმარა ტერორიზმის თავიდან აცილებას, ტერორისტთა ლიდერების მართლმსაჯულებისთვის გადაცემას და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისადმი მუქარების აღმოფხვრას. მიჰყევით პროგრამას ჯილდო სამართლისთვის „ტვიტერზე“ https://twitter.com/RFJ_USA.
ამ ჯილდოს შეთავაზების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ პროგრამის ჯილდო სამართლისთვის ვებ-გვერდს https://rewardsforjustice.net. ნებისმიერი მოწოდებული ინფორმაცია მკაცრად კონფიდენციალური იქნება.