Accessibility links

Breaking News

ბავშვების გატაცება და დეპორტაცია შეიარაღებული კონფლიქტების ტერიტორიიდან უნდა შეწყდეს


საზაფხულო ბანაკებიდან ბავშვები რუსეთის მიერ კონტროლირებული უკრაინის ტერიტორიიდან პირდაპირ რუსეთში გადაიყვანეს. 7 აპრილი, 2023 წ.
საზაფხულო ბანაკებიდან ბავშვები რუსეთის მიერ კონტროლირებული უკრაინის ტერიტორიიდან პირდაპირ რუსეთში გადაიყვანეს. 7 აპრილი, 2023 წ.

შეიარაღებული კონფლიქტების ადგილებში ბავშვების გატაცება და ძალადობრივი დეპორტაცია გლობალური პრობლემებია. ასეთი სასტიკი მოპყრობა მსოფლიოს ყველა რეგიონში, მათ შორის ნიგერიაში, იემენში, კოლუმბიაში და უკრაინაში ხდება.

ელჩმა რობერტ ვუდმა, საგანგებო პოლიტიკურ საქმეებში აშშ-ის ალტერნატიულმა წარმომადგენელმა, ამ საკითხზე ცოტა ხნის წინ გამართულ გაეროს უშიშროების საბჭოს სპეციალურ შეხვედრაზე ისაუბრა.

რობერტ ვუდის განცხადებით, „ამ ქმედებების გავლენა დამანგრეველი და ხანგრძლივია,“ თქვა მან. „ის ბავშვებს ბავშვობას, განათლებას და ჯანსაღ სოციალურ განვითარებას ართმევს“.

მან თქვა, რომ ზომები უნდა იქნას მიღებული, გატაცებული ბავშვების უსაფრთხოდ გათავისუფლების და დაბრუნების უზრუნველყოფის დასახმარებლად. მათ შორის, საჭიროა იურიდიული ჩარჩოები, რომელთა პრიორიტეტიც ბავშვების დაცვა და ანგარიშვალდებულების ზომები იქნება მათთვის, ვინც ბავშვების გატაცებას ან ძალით გადაყვანას ახდენს.

ელჩმა ვუდმა მიუთითა, რომ ბავშვების წინააღმდეგ მიმართული ადამიანის უფლებების ამ დარღვევებს არასახელმწიფოებრივი და სახელმწიფო სუბიექტები ერთნაირად სჩადიან. „ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ სახელმწიფო სუბიექტების როლი... და მათი ქმედებებისთვის პასუხი მოვთხოვოთ“, თქვა მან.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს, რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების გატაცება, სახელმწიფო სუბიექტების მიერ ჩადენილი სისასტიკის თვალსაჩინო, საშინელი მაგალითია. „რუსეთის ძალებმა, რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ადგილებიდან ათასობით უკრაინელი ბავშვის რუსეთის ფედერაციაში უკანონო დეპორტაცია განახორციელა,“აღნიშნა ელჩმა ვუდმა. ბლოდროინდელი ცნობები ადასტურებს რუსეთის მთავრობის ძალისხმევას, ამ ბავშვებს და უკრაინაში მათ ნათესავებს შორის გაწყვიტოს კომუნიკაცია, არ დაუშვას ბავშვების უკრაინაში დაბრუნება და მათი „ხელახლა აღზრდა“ დაიწყოს. რუსეთის ფედერაცია ამით ცდილობს უკრაინას მომავალი წაართვას“, აცხადებს რობერტ ვუდი.

მისი თქმით, რუსეთმა უარი თქვა უკრაინის მთავრობისთვის გატაცებულ უკრაინელ ბავშვებზე წვდომა და მათ რიცხვზე და ადგილსამყოფელზე ინფორმაცია მიეცა. „უკრაინის ბავშვების წინააღმდეგ ეს დარღვევები იმ გადაწყვეტილებების და ქმედებების შედეგია, რომელიც რუსეთის მთავრობის ყველა დონეზე იყო მიღებული,“ განაცხადა ვუდმა და დასძინა, რომ „ადგილნაცვალი ბავშვების ვინაობა უკრაინის მთავრობისთვის ცნობილი უნდა გახდეს, რათა ოჯახების გაერთიანების ძალისხმევას მხარი დაუჭიროს“.

ელჩ ვუდის განმარტებით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ კონკრეტულად იმოქმედოს, რათა პასუხი გასცეს მთელ მსოფლიოში გატაცებული და ძალით დეპორტირებული ბავშვების ადამიანის უფლებების საშინელ დარღვევებს, მათ შორის - დაზარალებული თემების მხარდაჭერის, განათლებაზე წვდომის გაფართოების და შესაბამისი ანგარიშვალდებულების მექანიზმების გაძლიერების გზით.

„ჩვენ გადაუდებლად და კოლექტიურად უნდა ვიმოქმედოთ, რათა შეიარაღებული კონფლიქტების დროს ბავშვების გატაცება და დეპორტაცია დავასრულოთ“, აღნიშნა ელჩმა ვუდმა. ჩვენ მოვალენი ვართ ამ ბავშვების წინაშე, რომ ხელი შევუწყოთ მათ დაცვას, უზრუნველვყოთ მათი უსაფრთხოება და კეთილდღეობა და არ დავუშვათ, რომ ისინი სასტიკი მოპყრობის ობიექტები გახდნენ.

XS
SM
MD
LG