Accessibility links

Breaking News

რუსეთ-უკრაინის კრიზისიდან გამოსავალი დიპლომატიაა


რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 100 000 ჯარისკაცის თავმოყრით, საერთაშორისო კრიზისი შექმნა. „რუსეთია ის, ვინც მოამზადა საერთაშორისო საბოტაჟი, დესტაბილიზაცია და უკრაინას პროვოკაცია მოუწყო“ - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ახლახან გამართულ პრესკონფერენციაზე.

„და სწორედ რუსეთია ის, ვინც საკუთარი ქმედების გასამართლებლად, დეზინფორმაციას და სიცრუეს აფრქვევს უკრაინაზე, ამერიკის შეერთებულ შტატებზე და ნატოზე“.

შეერთებულმა შტატებმა ამ პროვოკაციებს დიპლომატიური მოლაპარაკებების სერიით უპასუხა. „დიპლომატია“, თქვა ვიქტორია ნულანდმა, „საუკეთესო არჩევანია სტაბილურობის და უსაფრთხოების აღსადგენად უკრაინაში, ევროპაში და თავად რუსეთში“.

რუსეთთან გამართული სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის დროს, შეერთებულმა შტატებმა აჩვენა, რომ ის ერთგულია დიპლომატიის და ეს გააკეთა მოლაპარაკების მაგიდასთან იდეების მოტანით, რომლებიც ეხებოდა სამხედრო გამჭვირვალობას, რისკების შემცირების ზომებს და წვრთნებს - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.

„ჩვენ ასევე გარკვევით ვთქვით, რომ ნამდვილი პროგრესის მიღწევა მხოლოდ დეესკალაციის და არა ესკალაციის კლიმატშია შესაძლებელი და მხოლოდ ნამდვილი ურთიერთგაგების საფუძველზე. ეს რუსეთისგან მოითხოვს მოლაპარაკების მაგიდასთან დარჩენას და დაძაბულობის შემცირებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას“ - აღნიშნავს სახელმწიფო მდივნის მოადგილე.

ნულანდის თქმით, „რუსეთს ახლა მკაცრი არჩევანი აქვს: ან დიპლომატიის და დიალოგის გზა, ან სანაცვლოდ - კონფრონტაცია და მასშტაბური შედეგები, რაც ამას მოჰყვება“.

„თუკი რუსეთის მთავრობა კიდევ შეიჭრება უკრაინაში, მეტ დესტაბილიზაციას გამოიწვევს უკრაინაში, ჩვენ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად მზად ვართ მძიმე საფასური დავაკისროთ. ჩვენ ვუპასუხებთ მასშტაბური ეკონომიკური ზომებით, მათ შორის ისეთებით, რომელთა მსგავსი აქამდე არ გამოგვიყენებია და რომლებიც რუსეთის ეკონომიკის და ფინანსური სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საფასური იქნება“ - აცხადებს ვიქტორია ნულანდი.

„მაგრამ, ნება მომეცით კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმას, რომ ჩვენ დიპლომატიას ვამჯობინებთ“ - აღნიშნავს სახელმწიფო მდივნის მოადგილე. ასეთი მიდგომა წარსულში შედეგიანი იყო. „ჩვენ შეთანხმებულნი ვართ ბევრ ინსტრუმენტზე, რომლებიც მშვიდობის და სტაბილურობის საძირკველად გადაიქცა, მათ შორისაა ჰელსინკის აკორდი, შეთანხმება ახლო და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ, თუ სხვა შეთანხმებები განიარაღების საკითხებზე“.

სამომავლოდ წინსვლის გზა, ვიქტორია ნულანდის თქმით, არის დიპლომატია, რომელიც სრულად შეთანხმებული და კოორდინირებულია მოკავშირეებთან და თითოეულ სახელმწიფოსთან, რომელთა ინტერესებსაც ეს შეეხება. „სწორედ ეს არ ის ის, რაც ახლა უნდა მოხდეს“.

XS
SM
MD
LG