Accessibility links

Breaking News

ჩინეთთან გამოწვევების პირისპირ


მაიკ პომპეო, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი
მაიკ პომპეო, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

როცა ჩინეთის კომუნისტური პარტიის მხრიდან მომავალ საფრთხეებზე საუბრობდა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ფორუმს უთხრა: „ამ გამოწვევებს ერთად უნდა გავუმკლავდეთ“.

ბრიუსელის ფორუმის ვირტუალურ სესიაზე გაკეთებულ მიმართვაში, სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ „შეერთებული შტატები არ აიძულებს ევროპას, აირჩიოს თავისუფალ სამყაროს და ჩინეთის ავტორიტარულ ხედვას შორის. ჩინეთი აკეთებს აღნიშნულ არჩევანს თავისუფლებასთან და დემოკრატიასთან“.

მისი თქმით, პრობლემა, რომელიც ლიდერებმა ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს უნდა გადაჭრან, „მდგომარეობს იმაში, თუ როგორ შევინარჩუნოთ მშვიდობა და დემოკრატია ატლანტიკის ორივე მხარეს და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები - როგორც ევროპის კავშირის მოქალაქეები, ისე ამერიკის მოქალაქეები“ ჩინეთის მავნე ქმედებებისგან.

ეს მოიცავს ჩინეთის „პროვოკატორულ სამხედრო ქმედებას“ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და ინდოეთის საზღვარზე; მის „ბურუსით მოცულ ბირთვულ პროგრამას და საფრთხეს, რომელიც მშვიდობიან მეზობლებს ექმნებათ“. პომპეომ მაგალითად მოიყვანა პეკინის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიმართ და ჰონგ-კონგის მოსახლეობისადმი. მან ასევე მიანიშნა ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე, რომელიც ახალ კორონავირუსს ჩქმალავდა, ავაზაკურ ეკონომიკურ პრაქტიკაზე, ინტელექტუალური საკუთრების მოპარვაზე და „ადამიანის უფლებათა დარღვევის ლეგიონზე“.

„ჩემი გზავნილი დღეს ასეთია: ერთად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ გაგრძელდეს ტრანსატლანტიკური გამოღვიძება ჩინეთის გამოწვევების მიმართ, ჩვენი თავისუფალი საზოგადოებების, ჩვენი კეთილდღეობის და ჩვენი მომავლის დაცვის მიზნით“.

აღნიშნული მიზნების კიდევ უფრო დასაწინაურებლად, სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დათანხმდა შემოთავაზებას ჯოსეფ ბორელისგან, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, რათა გაიმართოს ახალი დიალოგი ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროპის კავშირს და ჩინეთს შორის. დიალოგს პომპეომ უწოდა „დასავლეთის მიმართ ჩინეთიდან მომავალი საფრთხეებისადმი ჩვენი შეშფოთებების და საერთო დემოკრატიული იდეალების განხილვის მექანიზმი“.

მან ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთიდან მომავალი საფრთხის ამოცნობა არ ნიშნავს, რომ ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა არჩევანი უნდა გააკეთონ „ბიზნესს“ და „ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან დაპირისპირებას“ შორის.

„გვახსოვდეს, რომ ჩინეთსაც სჭირდება ბაზრები... ჩინეთს ესაჭიროება დასავლურ ცოდნაზე, დასავლურ ნოუჰაუზე წვდომა. დარწმუნებული უნდა ვიყოთ იმაში, რომ ისინი ამას წესების მიხედვით შემუშავებული, კანონიერი სისტემის საშუალებით გააკეთებენ, რომელიც ტრანსატლანტიკური [პარტნიორობის] საქმეს ასე კარგად ემსახურა მთელი ამ წლების მანძილზე“.

„მოვუწოდებ ამერიკის მეგობრებს ევროპაში“, თქვა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, „დავიცვათ ეს ფასეულობები დღევანდელ დღეს, რადგან მათ შესაძლოა ჩამოაყალიბონ ჩვენი სამყაროს კეთილი მომავალი, ისევე როგორც ეს წარსულში ხდებოდა. ამ ფასეულობებს ჩვენ ერთად დავიცავთ“.

XS
SM
MD
LG