Accessibility links

Breaking News

ისტორიული შეთანხმება სერბეთს და კოსოვოს შორის


ისტორიული უთანხმოებების მიუხედავად, სერბეთმა და კოსოვომ გაბედული ნაბიჯები გადადგეს ეკონომიკური ურთიერთობების დარეგულირების მიმართულებით. 4 სექტემბერს, შეერთებული შტატების შუამდგომლობით, ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა შეთანხმებებს, რითაც ფართო სპექტრის ეკონომიკურ საკითხებზე ურთიერთთანამშრომლობისადმი ერთგულება საბოლოოდ გაფორმდა.

თეთრ სახლში გამართულ ხელის მოწერის ცერემონიაზე, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ერთობლივი მუშაობის თაობაზე, სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის და კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ავდულა ჰოტის გადაწყვეტილებით, რეგიონი და მსოფლიო შედარებით უსაფრთხო გახდა.

„ძალადობრივი და ტრაგიკული ისტორიის, და წლობით გაჭიანურებული ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ, ჩემმა ადმინისტრაციამ შერიგების ახალი ინიციატივა წამოაყენა. ეკონომიკურ ზრდაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე ფოკუსირებამ, ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი გარღვევა გამოიწვია... ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამ ორი დიდი ლიდერით და იმით, რასაც მივაღწიეთ. და რაც ალბათ უფრო მნიშვნელოვანია, საკუთარი ხალხიც ამაყობს მათით. ეს ისტორიული ამბავია“ - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.

გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, იუგოსლავიის დაშლის შემდეგ და თანამდევი ბალკანეთის ომების შედეგად, კოსოვო სერბეთს გამოეყო და 2008 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სერბეთი მისი სტატუსის ცნობაზე უარს ამბობდა. ბოლო 20 წლის მანძილზე, დასავლეთის მცდელობები ორ ქვეყანას შორის დადებულიყო ყოვლისმომცველი პოლიტიკური ნორმალიზაციის ხელშეკრულება, წარუმატებლად სრულდებოდა. პრეზიდენტ ტრამპის საგანგებო ელჩმა სერბეთში და კოსოვოში, რიჩარდ გრენელმა თქვა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ ჩიხიდან გამოსავალს მიზანდასახულად ეძებდა:

„პრეზიდენტი ტრამპი თავიდანვე ამბობდა: მოდით, ვაჩვენოთ მათ, თუ როგორ დაწინაურდნენ [ეკონომიკურად], როგორ შექმნან და გაზარდონ წარმოება. მოდით, შევცვალოთ თანმიმდევრობა. მოდით ის მოვიფიქროთ, თუ როგორ დავაყენოთ წინ ეკონომიკა. და შევხედოთ, შეძლებს თუ არა ეკონომიკაზე და ახალ სამუშაო ადგილებზე კონცენტრაცია პოლიტიკური ამბების უკანა პლანზე გადაწევას. ეს ჯერ კიდევ გამოჩნდება“.

შეერთებულმა შტატებმა შეძლო ბელგრადს და პრიშტინას შორის ეკონომიკური შეთანხმების მიღწევა, რათა თანამშრომლობის ხელშესახები უპირატესობების ჩვენებით, მოხდეს ამ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ისტორიული ხელშეკრულებით ასევე იხსნება საზღვრები მათ შორის და ხდება სერბეთს და კოსოვოს შორის ურთიერთცნობის და ურთიერთაღიარების წახალისება.

ამასთან ერთად, სერბეთი და კოსოვო ახლო აღმოსავლეთში მზარდ სამშვიდობო მოძრაობაშიც თანამონაწილეობენ. კოსოვო და ისრაელი კავშირების ნორმალიზებაზე და დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებაზე შეთანხმდნენ; სერბეთმა პირობა დადო, რომ თავის საელჩოს იერუსალიმში გადაიტანს. ეს კი გადამწყვეტია ევროპის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის კავშირების განმტკიცების საქმეში.

თეთრ სახლში, პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა რა სერბეთის და კოსოვოს „ღრმად გამჯდარი“ ემოციები წარსულიდან, უფრო ნათელი მომავალი იწინასწარმეტყველა: „ვფიქრობ, მათ უზარმაზარი მეგობრობა ექნებათ. და ეკონომიკა მათ გააერთიანებს“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

XS
SM
MD
LG