Accessibility links

Breaking News

25 წელი სრებრენიცის გენოციდიდან


სრებრენიცის სასაფლაო
სრებრენიცის სასაფლაო

1995 წლის ივლისის შუა რიცხვებში, ბოსნიელი სერბები შეიჭრნენ გაეროს ე.წ. “უსაფრთხო ზონაში” ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში, და ჩაიდინეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მძიმე დანაშაული ევროპის ტერიტორიაზე. საუბარია 8 000-ზე მეტი ბოსნიელი მუსლიმი კაცის და ბიჭის მკვლელობაზე. ამ თვეში ჩვენ პატივს მივაგებთ სრებრენიცის გენოციდის 25 წლისთავს.

90-იანი წლების დასაწყისში იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, ეთნო-ნაციონალიზმმა მოიტანა დაძაბულობა და მტრული განწყობა ქვეყანაში მცხოვრებ მრავალრიცხოვან ეთნიკურ ჯგუფებს შორის. პროცესებმა კულმინაციას მიაღწია იუგოსლავიის ომის სახით, ჯერ ხორვატიაში და სლოვენიაში, შემდეგ კი მრავალეთნიკურ ბოსნია და ჰერცოგოვინაში.

ომის დაწყების დროს, აღმოსავლეთ ბოსნია-ჰერცოგოვინის მოსახლეობა ძირითადად ბოსნიელი იყო და ისინი მაჰმადიან ბოსნიელთა ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენდნენ. ბოსნიელებს 3 წლის განმავლობაში, ბოსნიელი სერბი ნაციონალისტები ატერორებდნენ. ათასობით ადანიანი დაიღუპა, დაანგრიეს და გადაწვეს საცხოვრებელი სახლები.

1995 წლის 11 ივლისს, ბოსნიის სერბთა არმიის რესპუბლიკის სერპსკას ქვედანაყოფები გენერალ რატკო მლადიჩის მეთაურობით, სრებრენიცის ანკლავში შევიდნენ. ეს ტერიტორია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 2 წლით ადრე ე.წ. უსაფრთხო ზონად იყო გამოცხადებული და გაეროს დაცვის ქვეშ იმყოფებოდა.

ქალაქს მეზობელი სოფლებიდან ათობით ათასი ადამიანი აფარებდა თავს. ბოსნიელმა სერბებმა კი ქალაქი აიღეს. მათ შეკრიბეს მთელი მოსახლეობა, დააცილეს ქალები და მოზარდები, შემდეგ კი სისტემურად ამოხოცეს ყველა მამრი, რომელთა ასაკიც 15 წელს აღემატებოდა. 11 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით, მათ მოკლეს 8 372 შეუიარაღებელი კაცი და ბიჭი, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ბოსნიელები იყვნენ.

1948 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მიღებული გენოციდის კონვენცია განსაზღვრავს გენოციდს, როგორც "ქმედებას, რომლის მიზანია მთლიანად ან ნაწილობრივ მოსპოს რომელიმე ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი, ან რელიგიური ჯგუფი“. სწორედ ეს მოხდა სრებრენიცაში, 2004 წელს გამოცემული ანგარიშის მიხედვით, რომლის ავტორია სრებრენიცაში და მის შემოგარენში მომხდარი მოვლენების საგამოძიებო კომისია.

გენოციდზე პასუხისმგებლობა ძირითადად ორ პირს დაეკისრა: ბოსნიელი სერბების ყოფილ პრეზიდენტ როდოვან კარაძიჩს და მის სამხედრო მეთაურ რატკო მლადიჩს. ორივე ბოლოს დააპატიმრეს და ყოფილ იუგოსლავიაში მომხდარის გამო, ისინი სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალზე წარდგნენ, სადაც დამნაშავედ იქნენ ცნობილი ომის დანაშაულში, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებში და გენოციდში.

სრებრენიცაში მომხდარი სისასტიკიდან 25 წლის შემდეგ, ჩვენ ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ ბოსნია-ჰერცოგოვინაში ომის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს. ვფიქრობთ, ახლა დროა სრებრენიცის გენოციდი და მომხდარი საშინელი ტრაგედია კიდევ ერთხელ გავიაზროთ და კიდევ ერთხელ დავდოთ პირობა, რომ პასუხს ვაგებინებთ მათ, ვინც ნებისმიერ ადგილას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩაიდენს დანაშაულს.

სრებრენიცის გენოციდის 25 წლის იუბილე ასევე შეგვახსენებს, ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში მშვიდობის მნიშვნელობას და ქვეყნის ლიდერებს აძლევს კიდევ ერთ შესაძლებლობას, მიიღონ საჭირო ზომები მტკიცე ნდობის, ურთიერთპატივისცემის და ერთობის ასაშენებლად. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ სრებრენიცის მსგავსი ტრაგედია არასდროს განმეორდეს და ბოსნია და ჰერცოგოვინამ ყველა თავისი მოქალაქისთვის უფრო სტაბილური და ნათელი მომავალი უზრუნველყოს.

XS
SM
MD
LG