Accessibility links

Breaking News

აშშ ირანზე გაეროს სანქციების აღდგენას იწყებს


შეერთებულმა შტატებმა დაიწყო გაეროს უშიშროების საბჭოს 2 231-ე რეზოლუციის შესაბამისად მოხსნილი, ყველა იმ სანქციის აღდგენა, რომელიც 2015 წლის ირანთან ბირთვული შეთანხმების საფუძველზე გაუქმდა. შეთანხმება ცნობილია ოფიციალური დასახელებით: “მოქმედების ერთობლივი, ყოვლისმომცველი გეგმა”. უშიშროების საბჭოს იმავე რეზოლუციამ ყოველ მონაწილე ქვეყანას მიანიჭა უფლება უპირობოდ აამოქმედოს სანქციების ე.წ. “მყისიერი აღდგენა”, თუ ირანი შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს დაარღვევს.

სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, შეერთებული შტატების გადაწყვეტილების შესახებ, უშიშროების საბჭოს 20 აგვისტოს აცნობა. სანქციები 30-დღიანი ინტერვალის შემდეგ აღდგება. შეერთებულმა შტატებმა ამ ნაბიჯს მას შემდეგ მიმართა, რაც ყველა დიპლომატიური საშუალებით სცადა გაეროს უშიშროების საბჭოს დარწმუნება, განეახლებინა ირანისთვის დაწესებული შეიარაღების ემბარგო, რომელიც ოქტომბერში იწურება.

სახელმწიფო დეპარტამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას, სახელმწიფო მდივანმა პომპეომ თქვა, რომ გზავნილი მარტივია:

“შეერთებული შტატები არასდროს დაუშვებს, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდმა, ტერორიზმის სპონსორმა სახელმწიფომ თავისუფლად შეიძინოს და გაყიდოს თვითმფრინავები, ტანკები, რაკეტები და სხვა სახის ჩვეულებრივი შეიარაღება. გაეროს ეს სანქციები შეიარაღებაზე ემბარგოს გააგრძელებს”.

[სანქციების] მყისიერი დაბრუნება ირანს ასევე აუკრძალავს ბალისტიკური რაკეტების გამოცდას და მიმდინარე ბირთვულ საქმიანობას, როგორიცაა ბირთვული მასალის გამდიდრება, რომლის გამოყენება შესაძლებელი იქნება ბირთვული იარაღის პროგრამაში.

“პრეზიდენტმა ტრამპმა და ამ ადმინისტრაციამ უარყო თხზულება, თითქოს რეჟიმს მხოლოდ მშვიდობიანი ბირთვული პროგრამა სურს. ირანს ბირთვული იარაღის ქონის უფლებას არასდროს მივცემთ” - თქვა სახელმწიფო მდივანმა პომპეომ.

სახელმწიფო მდივანმა პომპეომ აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში ირანის უახლოესმა მეზობლებმა, მათ შორის სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებმა, უშიშროების საბჭო ირანისგან მომდინარე საფრთხის და შეიარაღებაზე ემბარგოს ამოწურვის შეჩერების საჭიროების შესახებ გააფრთხილეს. მან ასევე გააჟღერა შეშფოთება, რომ გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი კერძო საუბრებში ამბობენ, რომ ემბარგოს გაუქმება არ სურთ, თუმცა ამის აღსაკვეთად არაფერს აკეთებენ.

“ამერიკა ამ წარუმატებელ ლიდერობას არ შეუერთდება. ამერიკა დაყვავებას არ მიმართავს. ამერიკა ლიდერობას ითავებს... დღევანდელი ქმედებები ირანზე დამატებით წნეხს აწესებს, რათა ის ნორმალურ ქვეყანასავით მოიქცეს და მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს“.

“საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებთ შემოგვიერთდეს, რათა შევიმუშაოთ უფრო ძლიერი შეთანხმება, რომელიც ირანის მავნე საქციელის სრულ დიაპაზონს უპასუხებს და დაიცავს ყველა ქვეყნის ადამიანებს, რომლებსაც უბრალოდ ირანული მტაცებლობისგან თავისუფალი ცხოვრება სურთ” - თქვა სახელმწიფო მდივანმა პომპეომ.

XS
SM
MD
LG